თემურ ქეცბაია მისი ანაზღაურების შესახებ განმარტებებს აკეთებს

თემურ ქეცბაია მისი ანაზღაურების შესახებ განმარტებებს აკეთებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - თემურ ქეცბაიას ანაზღაურების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და თავად ქეცბაიას კომენტარს ავრცელებს, რომელიც ნაკრებს მოახლოებული ორი საერთაშორისო ამხანაგური მატჩისთვის ამზადებს.

შეგახსენებთ: სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართვის ასლი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრისადმი, რომელშიც ფედერაცია ითხოვს თემურ ქეცბაიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ნოემბრის თვეში კუთვნილი თანხის, 209 500 ლარის გადარიცხვას.

ამ საკითხზე თემურ ქეცბაია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:

"საქართველოს ნაკრებს უახლოეს ორ კვირაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ორი ამხანაგური მატჩი აქვს ჩასატარებელი ირლანდიისა და დანიის ნაკრები გუნდების წინააღმდეგ. მოახლოებული მატჩების წინ კი მედიის ერთ-ერთ მთავარ აქტუალურ თემად სამწვრთნელო შტაბის დაფინანსების საკითხი იქცა. სწორედ ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, მედიასთან მოკლე კომენტარი გამეკეთებინა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა შტაბის წევრების ყოველთვიური ანაზღაურება ჯამში 100 ათასი ამერიკული დოლარის ეკვივალენტს ლარებში შეადგენს. ამ თანხაში სრულადაა გათვალისწინებული სამწვრთნელო შტაბის სრული შემადგენლობის სახელფასო ანაზღაურება, აგრეთვე მათი მგზავრობის ხარჯები, რაშიც იგულისხმება ეროვნული ნაკრების წევრებისა და კანდიდატების საკლუბო მატჩების სანახავად ნაკრების მწვრთნელთა სასელექციო ვიზიტები სხვადასხვა ქვეყანაში. აგრეთვე სასტუმროების ხარჯები.

ჩემი და ეროვნული ნაკრები გუნდის სამწვრთნელო შტაბის კონტრაქტი და მისი პირობები საჯაროა, რომლის გაცნობის მოთხოვნითაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის ოფიციალურად არც ერთ მედიასაშუალებას არ მიუმართავს. კონტრაქტის ძირითადი დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ 2010 წელს, როდესაც აღნიშნული ხელშეკრულება სახელმწიფოს, ფედერაციასა და მწვრთნელებს შორის გაფორმდა და რომელიც ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა."