ნავთოპბკორპორაციის ყოფილი გენდირექტორი და მცხეთის ყოფილი გამგებელი დაკავებული არიან

ნავთოპბკორპორაციის ყოფილი გენდირექტორი და მცხეთის ყოფილი გამგებელი დაკავებული არიან

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ვახტანგ ყიფშიძე და სააქციო საზოგადოება "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ყოფილი გენერალური დირექტორი ზურაბ ჯანჯღავა დააკავეს.

როგორც საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, ვახტანგ ყიფშიძის დახმარებით, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მცხეთა- მთიანეთის ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა ცეზარ ჩოჩელმა, ლუხუმ კაპანაძემ, მერაბ ყუფუნიამ და შპს "ნიუ ენერჯის" დამფუძნებელმა ნიკოლოზ შაქარიშვილმა, 2008 წლის აგვისტოში რუსეთ - საქართველოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულ დევნილთა (წეროვანში, ფრეზეთსა და წილკანში) განსახლებისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 76 140 000 ლარიდან, ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობის ხელოვნურად გაზრდის გზით, 7 551 657 ლარი მიითვისეს.

"გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენი სისტემის, ასპინძა - ახალქალაქის 30 კილომეტრიან მონაკვეთზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის, "ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" ხელშეკრულება გააფორმა შპს "ნიუ ენერჯისთან." მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ღირებულება შეადგენდა 10 000 000 ლარს, სამუშაოების ხელოვნურად გაზრდის გზით, "ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" "ნიუ ენერჯის" გადაურიცხა 17 700 000 ლარი. რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა 6 038 847 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს", - განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.

მისი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს 7-დან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას.