დედაენის ბაღში

დედაენის ბაღში "ეროვნული ფრონტის" წევრებს არ უშვებენ

დედაენის ბაღში "ეროვნული ფრონტის" წევრებსა და მხარდამჭერებს არ უშვებენ. როგორც ჟურნალისტებს "ეროვნული ფრონტის" ლიდერმა ევგენი მიქელაძემ განუცხადა, მათი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ სამართალდამცველებმა შეუშვან დედაენის ბაღში და მისცენ საშუალება, გამართონ დაანონსებული აქცია – "აიკრძალოს ლგბტ პროგანდა".

"სახელმწიფო ძალადობრივი მეთოდებით უკრძალავს ნამდვილ პატრიოტებს აქციის ჩატარებას და ამის უფლებას აძლევს მამათმავლებს. ნუ ჰგონიათ, რომ ჩვენ გულხელდაკრეფილები და კუთხეში მჯდომნი ვუყურებთ, თუ როგორ მართავენ ისინი აქციას", – აღნიშნა მიქელაძემ.

ამჟამად "ეროვნული ფრონტის" წევრები პოლიციის მიერ მოწყობილ ბარიერთან დგანან და გამვლელ მოქალაქეებსაც მოუწოდებენ, შეუერთდნენ მათ აქციას. "ეროვნული ფრონტის" აქცია 18:00 საათზეა დაანონსებული, ხოლო აქცია "არა თეოკრატიას!" - 19:00 საათზე.

დედაენის ბაღში უსაფრთოების მიზნით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ბაღის მთელ პერიმეტრზე ჯებირებია განლაგებული და მათ წინ პოლიციელები მწკრივად დგანან. ამასთან, გადაკეტილია მშრალი ხიდი და მიმდებარე ქუჩები, სადაც ასევე განლაგებულნი არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. პოლიციელები იმყოფებიან როგორც თავად ბაღში, ასევე ბაღის ყველა შესასვლელში და მათ წრე აქვთ გაკეთებული. ისინი იმყოფებიან მიმდებარე ქუჩებზეც.