დედაქალაქის მერიის განმარტებით, სოფელ ფონიჭალაში არა ვაჰაბიტური მეჩეთი, არამედ საცხოვრებელი სახლი შენდება. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, მალხაზ კუნელაურმა განაცხადა , მერიას მაისის დასაწყისში ვასიფ მამედოვის სახელზე გაცემული აქვს ნებართვა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ. მისივე თქმით, მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ როგორ გამოიყენებს ფართს ნებართვის მფლობელი.
"ფონიჭალაში ჩვენ გვაქვს ნებართვა გაცემული არა მეჩეთის, არამედ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ. ადამიანი მას მეჩეთად იყენებს, თუ სხვა დანიშნულებით, არ ვიცი. ვასიფ მამედოვმა მოითხოვა ინდივიდუალური სახლი და მივეცით ინდივიდუალური სახლის ფუნქციით ეს ობიექტი",- განაცხადა მალხაზ კუნელაურმა.
მისივე განმარტებით, ასეთ შემთხვევაში პირი ფართს მეჩეთად გამოიყენებს თუ სასტუმროდ ეს უკვე მერიის საქმე არ არის.
"ფართს მოგვიანებით საცხოვრებლად გამოიყენებ, არასაცხოვრებლად, სალოცავად, თუ იქ სასტუმროს გახსნი, მოქმედი კანონმდებლობა ასეთი ფორმის შეზღუდვას არ ითვალისწინებს. ადრინდელი პერიოდისგან განსხვავებით, ახლა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის გამიჯვნაც კი აღარ ხდება. ამ წუთას ფონიჭალაში სამართლებრივად და კანონიერად შენდება საცხოვრებელი სახლი. ჩვენ მეჩეთი არ შეგვითანხმებია, ჩვენ შევითანხმეთ საცხოვრებელი სახლი. არ შენდება მეჩეთი, შენდება საცხოვრებელი სახლი. ის რად იყენებს ფართს, ეს უკვე მისი საქმეა", - აღნიშნა მალხაზ კუნელაურმა.
სოფელ ფონიჭალაში მცხოვრებმა აზერბაიჯანული ეროვნების მოქალაქეებმა დღეს აქცია გამართეს. "ფონიჭალაში – სოღანლუღში ვაჰაბიტების ადგილი არ არის", "ვაჰაბიტები რადიკალური დაჯგუფებაა. საქართველოში ამ ჯგუფების ადგილი არ არის!", "თბილისის მერიამ სასწრაფოდ უნდა შეაჩეროს მეჩეთის სახელით მშენებარე რადიკალების ბუდე" – ამ ლოზინგებით ფონიჭალაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს.
აქცია სოფლის სკოლასთან გაიმართა და მისი ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია "საქართველოს აზერბაიჯანელები", სამოქალაქო განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, ფონიჭალის სკოლის დირექტორი აბაი ბაშაევი და ფონიჭალის მეჩეთის ახუნდი რაჰიდ ქერიმოვი. აქციაში სოფლის 200-ზე მეტი მაცხოვრებელი მონაწილეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
როგორც აბაი ბაშაევმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სოფელში თითქმის ერთი თვეა, ვაჰაბისტები მეჩეთს აშენებენ. სოფლის მოსახლეობა ამ მეჩეთის მშენებლობას ეწინააღმდეგება და მიაჩნიათ, რომ "ვაჰაბისტები არამუსულმანური მოძღვრებით აცდუნებენ სოფლის ახალგაზრდებს".