შინაგან საქმეთა სამინისტროს საგაზაფხულო შიდა ტურნირი დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგაზაფხულო შიდა ტურნირი დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგაზაფხულო შიდა ტურნირი ესტაფეტა-მარათონით დასრულდა. მარათონი თბილისის ზღვის ირგვლივ ჩატარდა. მასში მონაწილეობა სამინისტროს 28 დეპარტამენტის გუნდმა მიიღო. შეჯიბრის თანაორგანიზატორი საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ იყო.

ტურნირის გამარჯვებულის თასი შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტმა მიისაკუთრა, მე–2 ადგილზე ამავე სამსახურის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 12 კაციანი გუნდი გავიდა, ხოლო მე–3 ადგილის მფლობელი შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი გახდა.
მარათონში სულ 336 პოლიციელი მონაწილეობდა. სამინისტროს შიდა ტურნირის ფარგლებში გამარჯვებულები ასევე გამოვლინდნენ პისტოლეტიდან სროლასა და მინი-ფებხურთში.

მინი-ფეხბურთის საფინალო მატჩი თბილისის მთავარი სამმართველოს გუნდმა, ანგარიშით 3:1, საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს მოუგო და ჩემპიონის თასის მფლობელიც გახდა.

პისტოლეტიდან სროლაში, რომელშიც ასევე შსს–ს არაერთი სამსახურის წარმომადგენელი მონაწილეობდა, გამარჯვებული სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელი გიორგი ნინიაშვილი გახდა.

სპორტის პოპულარიზაციისა და ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად მსგავსი სპორტული ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შორის მომავალშიც გაგრძელდება.