ფონიჭალაში ”ვაჰაბიტური მეჩეთის” მშენებლობას აპროტესტებენ

ფონიჭალაში ”ვაჰაბიტური მეჩეთის” მშენებლობას აპროტესტებენ

სოფელ ფონიჭალაში მცხოვრები აზერბაიჯანული ეროვნების მოქალაქეები ვაჰაბიტური მეჩეთის მშენებლობას აპროტესტებენ. "ფონიჭალაში – სოღანლუღში ვაჰაბიტების ადგილი არ არის" , "ვაჰაბიტები რადიკალური დაჯგუფებაა. საქართველოში ამ ჯგუფების ადგილი არ არის!", "თბილისის მერიამ სასწრაფოდ უნდა შეაჩეროს მეჩეთის სახელით მშენებარე რადიკალების ბუდე" – ამ ლოზინგებით ფონიჭალაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს.

აქცია სოფლის სკოლასთან გაიმართა და მისი ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია "საქართველოს აზერბაიჯანელები", სამოქალაქო განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, ფონიჭალის სკოლის დირექტორი აბაი ბაშაევი და ფონიჭალის მეჩეთის ახუნდი რაჰიდ ქერიმოვი. აქციაში სოფლის 200-ზე მეტი მაცხოვრებელი მონაწილეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
როგორც აბაი ბაშაევმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სოფელში თითქმის ერთი თვეა, ვაჰაბისტები მეჩეთს აშენებენ. სოფლის მოსახლეობა ამ მეჩეთის მშენებლობას ეწინააღმდეგება და მიაჩნიათ, რომ "ვაჰაბისტები არამუსულმანური მოძღვრებით აცდუნებენ სოფლის ახალგაზრდებს". მისივე თქმით, სალოცავისთვის უკვე აქვთ სოფელში მეჩეთი და მოუწოდა მეორე მხარესაც, რომ თუ სურვილი აქვთ, იმ მეჩეთში ილოცონ.

აქციის მონაწილეებმა მიმართეს თბილისის მერიას, შეაჩეროს უკანონო მეჩეთის მშენებლობა. სოფელში აღნიშნული მეჩეთის მშენებლობა სკოლასთან დაახლოებით 50 მეტრში მიმდინარეობს.
მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით მეორე მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.