"ქართული რეფორმები ყველგან ბრენდია"

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართული რეფორმები ყველგან ბრენდია.

ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ალჟირის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"კმაყოფილი ვარ იმით, რომ პირველად ისტორიაში, შედგა მაღალი დონის კონტაქტი ალჟირსა და საქართველოს შორის. რაღაცნაირად ალჟირთან ჩვენ ბოლომდე არ გვქონდა აწყობილი ურთიერთობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, თან რუსეთი მანდ აქტიურად მუშაობდა. მათ შორის აღიარების კუთხით. ალჟირის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კონტაქტი მნიშვნელოვანია რისკების და საფრთხეების გამოსარიცხად. ასევე მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ საუკუნეების განმავლობაში ძალიან ბევრი ქართველი ჩასულა ალჟირში, ბევრს უთამაშია ალჟირის ისტორიაში როლი, ეს მათ უკეთესად იციან, ვიდრე ჩვენ. ახლა ჩვენ უნდა გავხსნათ ურთიერთობების ახალი ფურცელი. ასეთი ჩამოსვლები სწორედ იმის საშუალებას იძლევა, რომ ბევრ ისეთ ქვეყანას დავუმეგობრდეთ, რომელთანაც ადრე ურთიერთობა არ გვქონდა, თუმცა თავად პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა ინტერესით ისაუბრეს იმაზე, რომ მათ ბევრი სმენიათ საქართველოში გატარებულ რეფორმებზე. ქართული რეფორმები არის ბრენდი ყველგან, მათ შორის ისეთ ქვეყნებშიც, რომელთანაც ასე პირდაპირი ურთიერთობები არ გვქონია", - განაცხადა სააკაშვილმა.