პრეზიდენტმა

პრეზიდენტმა "თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის" დოკუმენტს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკვე მოაწერა ხელი დოკუმენტს - "თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016".

"თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმძღვანელო დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების ძირითად მიმართულებებს 2016 წლის ჩათვლით და მიზნად ისახავს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას.

დოკუმენტში ვრცელი ადგილი ეთმობა, როგორც ნატო-სა და ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებს, ასევე რუსეთთან დაკავშირებულ საფრთხეებს.

თავდაცვის სტრატეგიულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილების ოკუპაცია საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, სახელმწიფოებრიობას და პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური დესტაბილიზაციის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.

"რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს. რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამშვიდობო ძალების არყოფნა და ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია ზრდის პროვოკაციების რისკს და ახალი სამხედრო აგრესიის ალბათობას;
საქართველოს მისწრაფება გაერთიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მიუღებელია რუსეთის ფედერაციისთვის, რაც ზრდის სამომავლო საფრთხის რისკს;

რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონობა, მარიონეტული რეჟიმების უკანონო შეიარაღებული და სხვა კრიმინალური დაჯგუფებების არსებობა ხელს უწყობს კონტრაბანდის, ნარკოტრეფიკინგისა და სხვა სახის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ზრდას, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს",-ნათქვამია დოკუმენტში.

"თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში" რუსეთი "პოლიტიკური და სამხედრო ვარაუდების ამსახველ ქვეთავებში" ფიგურირებს და აღნიშნულია, რომ გამოწვევად რჩება რუსეთის ფედერაციასთან კონსტრუქციული დიალოგის გზით უსაფრთხოების საკითხებზე სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში პროგრესის მიღწევის შესაძლებლობა.

"საქართველოს მთავრობის პრაგმატული მიდგომა რუსეთის მიმართ და მხარეებს შორის 2012 წლის დეკემბერში დაწყებული კონსულტაციები აჩენს გარკვეული პოზიტიური შედეგების მოლოდინს; ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რჩება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების განხილვის ერთადერთ ფორმატად",- ნათქვამია დოკუმენტში.
რაც შეეხება "სამხედრო ვარაუდებს", დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "კვლავ შენარჩუნდება ფართომასშტაბიანი რუსული აგრესიის განხორციელების ალბათობა და ოკუპირებული რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვართან დაძაბულობისა და სამხედრო ინციდენტების რისკი კვლავ მაღალი რჩება".

დოკუმენტის მიხედვით, ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.