ბაიკერები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ

ბაიკერები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ

სპორტის სასახლესთან, დღეს, ბაიკერების საპროტესტო აქცია "არა უკანონო დევნას" გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად , მოტო ეკიპირებით ორგანიზებულად გადაადგილდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რათა თანამოქალაქეებს მიაწოდონ ინფორმაცია ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ და გამოხატონ პროტესტი პოლიციის მიერ მოტომოყვარულთა შევიწროების გამო.

აქციის მსვლელობისას მოტომოყვარულთა ჯგუფი გადაადგილდება თბილისის მეტროპოლიტენით მ/ს "პოლიტექნიკური"-დან მ/ს "თავისუფლების მოედანი"-მდე და შემდეგ გააგრძელებს მსვლელობას რუსთაველზე, პარლამენტის ყოფილ შენობამდე როგორც ფეხით, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მიკროავტობუსი, ავტობუსი).

აქცია დასრულდება სპორტის სასახლესთან, სადაც მონაწილეები დაუბრუნდებიან საწყის წერტილს. აქციის დასასრულს კი მოტომოყვარულები მოაწერენ ხელს განცხადებას, რომელშიც ასახულია სამართალდამცველთა მიერ მოტომოყვარულთა შევიწროების ფაქტები (ვიდეო და ფოტომასალით). აღნიშნულ განცხადებას, უახლოეს დღეებში საინიციატივო ჯგუფი შეიტანს მთავარ პროკურატურაში.
საუბარია მოტომოყვარულთა მასობრივ გაჩერება/დაჯარიმებაზე მიმდინარე წლის 28 აპრილიდან დღემდე, ასევე პოლიციის მხრიდან 12 მაისს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევაზე, რაც გამოიხატა თბილისის მერიის მიერ ნებადართული მოტომოყვარულთა საპროტესტო მანიფესტაციის ხელის შეშლაში.