17 მაისის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესზე დასასწრებად თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის სხვა მონაწილეები და პოლიტიკოსებიც არიან შეკრებილი.
როგორც პარტია "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ჯონდი ბაღათურიასთან ერთად პროცესის მიმდინარეობას დააკვირდება.
ლორთქიფანიძის თქმით, შეისწავლის რამდენად კანონიერად არის მოპოვებული ოთხი ახალგაზრდის წინააღმდეგ მტკიცებულებები და სწორედ ამის შემდეგ გააკეთებს შეფასებას.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ლგბტ-ს საზოგადოების წინააღმდეგ 17 მაისს ჩატარებული აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, უფლებადამცველმა გიორგი გაბედავამ. იგი შს სამინისტროს მხრიდან აქციის ოთხი მონაწილის დაკავებას აპროტესტებს.
როგორც გიორგი გაბედავამ აღნიშნა, დაკავებული ოთხი პირი ღირსების პატიმრები არიან და აქციის სხვა მონაწილეები მათ სოლიდარობას უცხადებენ.
"თუკი დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ მოხდება მათი დაკავება, მოვითხოვთ, რომ ჩვენც დაგვაკავონ. ეს ადამიანები არიან დაზარალებულები და არა დამნაშავეები და შს სამინსიტროს მხრიდან მათი დაკავება შერჩევითი სამართლის გამომხატველია. დაკავებულია ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც მანქანამ გადაუარა. ეს სირცხვილია. ეს ადამიანები ღირსების პატიმრები არიან და შერჩევით სამართალთან გვაქვს საქმე", - განაცხადა გიორგი გაბედავამ.
17 მაისის აქციის მონაწილეებისა და პოლიტიკოსების გარდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში შეკრებილები არიან დაკავებულების ოჯახის წევრები. დაკავებულების ადმინისტრაციული საქმის განხილვა, სავარაუდოდ, დღეს მოხდება, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული საათი დადგენილი არ არის.
როგორც ცნობილია, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს, კოლმეურნეობის მოედანზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ოთხი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, გიგა კ, ზურაბ ჩ, ამირან მ. და ბექა ფ. პოლიციის დაუმორჩლებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული.
აღნიშნული დანაშაულების ჩადენა ითვალისწინებს ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.
17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. აღძრულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე.