ცეზარ ჩოჩელი კოკა გუნცაძეს პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივლებს

ცეზარ ჩოჩელი კოკა გუნცაძეს პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივლებს

მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძეს პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივლებს. 

აღნიშნული განცხადება "პირველი რადიოს" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ცეზარ ჩოჩელმა თავის წარმომადგენლებთან, ადვოკატ გოგიტა გაბაიძესთან, "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძესთან და რკინა-ბეტონის შპალების ქარხნის დირექტორ ილია შიხაშვილთან ერთად განაცხადა.

როგორც ჩოჩელმა აღნიშნა, საქმე ეხება რკინა-ბეტონის შპალების ქარხანას, რომელიც რეალურად ცეზარ ჩოჩელის ძმას ეკუთვნის.

ცეზარ ჩოჩელისა და მისი ადვოკატების განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ რკინა-ბეტონის შპალების ქარხანაში რაიმე დარღვევებია და ის თაღლითური გზითაა შეძენილი.

ცეზარ ჩოჩელს და მის ადვოკატებს პრეტენზიები გია ხუხაშვილის მიმართაც აქვთ.

"ხუხაშვილი თავად შედიოდა თაღლითურ გარიგებებში და თავად ჩადიოდა კანონგარეშე ქმედებებს. ეს კაცი პროკურორია თუ ვინ არის ასეთ განცხადებებს რომ აკეთებს? არაფერს და არავის არ დავუთმობ. ჩემზე შემოტევებია. ამის გამო პრობლემები შემიქმნეს უცხოელ ინვესტორებთან და ადგილობრივ ბანკებთან. ასე კაპიტალდაბანდება ვერ მოხდება. ქვეყანას შემოსავალი ვერ ექნება და ბიუჯეტშიც არაფერი შევა. მე სერიოზული გადამხდელი ვარ ბიუჯეტში. თუ ჰგონიათ საწარმოების გაჩერებით ქვეყანასა და ხაზინას ეშველება, მე ჩემ ყველა საწარმოს გავაჩერებ", -განაცხდა ცეზარ ჩოჩელმა.

მისივე ინფორმაციით, რკინა-ბეტონის შპალების ქარხნის ჩამორთმევის ამბავი ტელევიზიიდან შეიტყო და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია შესაბამისი უწყებებისგან არ მიუღია.
როგორც ცეზარ ჩოჩელი აცხადებს, ის და მისი ოჯახი არაფრის დათმობას არ აპირებს და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. თუმცა, მისი თქმით, მინისტრს არ სცალია.