არქიტექტურულ იდეათა კონკურსი

არქიტექტურულ იდეათა კონკურსი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს არქიტექტურულ იდეათა ღია კონკურსს სამინისტროს არსებულ შენობათა (ქ. თბილისი, გულუას ქ. № 8 და № 10) იერსახის შეცვლისა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი შენობის დაპროექტების კონცეფციაზე. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამინისტრო იწვევს პროფესიონალ არქიტექტორებს, არქიტექტურულ კომპანიებს, ყველა სხვა დაინტერესებულ პირს.

კონკურსის საპრიზო ფონდი :

პირველ ადგილზე გასულისთვის პრემია 30,000 ლარი.

მეორე ადგილზე გასულისთვის პრემია 15,000 ლარი.

 მესამე ადგილზე გასულისთვის პრემია 5,000 ლარი.

კონკურსის შედეგად უნდა გამოვლინდეს ქ. თბილისში, შსს-ს არსებულ შენობათა იერსახის შეცვლისა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს ახალი შენობის პროექტის საუკეთესო კონცეფცია. კონკურსის მიზანია შეიქმნას თანამედროვე საოფისე კომპლექსი, რომელიც თავს მოუყრის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებს ერთიან, ურთიერთდაკავშირებულ შენობათა ჯგუფში.

არქიტექტურულ იდეათა კონკურსის მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობს, თუ როგორი წარმატებით შეძლებს მონაწილე ერთმანეთს არქიტექტურულად დაუკავშიროს შენობები. მათ შორის ორი არსებული, რომელთა რეკონსტრუქცია მხოლოდ ფასადის იერსახის შეცვლას ითვალისწინებს, და ერთი ახალი, რომელიც გარემოში ჰარმონიულად ჩაეწერება.

საკონკურსო ნამუშევრები შეფასდება პროფესიონალ არქიტექტორთა საკვალიფიკაციო კომისიის მიერ. მოხდება ნამუშევართა კლასიფიკაცია და ისინი გადაეგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შექმნილ საგანგებო ჟიურის, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულებს. ჟიურის შემადგენლობაში იქნებიან არქიტექტორები და დამკვეთის წარმომადგენლები.

საკონკურსო წინადადება ორ A1 ფორმატზე თანმხლები დახურული კონვერტით და ელექტრონული დისკით უნდა წარმოადგინოთ არაუგვიანეს 2013 წლის 18 ივნისის 17:00 საათისა შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი გ. გულუას N8, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჟიურის გადაწყვეტილება გამარჯვებულთა შესახებ გამოქვეყნდება 2013 წლის 21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე.