მცხეთაში დღეს ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ

მცხეთაში დღეს ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ

მცხეთაში დღეს ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ. მენელსაცხებლე დედების ხსენების დღეს, დღეს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წირვას პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი აღავლენს.

წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირები მრევლთან ერთად ტაძრიდან სამი მიმართულებით: მცხეთის ჯვრის, თხოთისა და უჯარმის ტაძრებში სამ ჯვარს გადააბრძანებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ განუცხადა, გასულ წელს დღესასწაულზე თხოთის მთაზე აბრძანებული ჯვარი ნიკორწმინდაში გადაბრძანდება, უჯარმიდან კი _ დედოფლისწყაროში და შემდეგ ჰერეთში, მცხეთის ჯვრიდან _ სოფელ ოფრეთში არსებულ მონასტერში, რომელიც სომხეთის საზღვარზე მდებარეობს.

ჯვართაღმართების უძველესი დღესასწაული 2007 წელს აღდგა. დღესასწაულს საფუძვლად ქართულ საისტორიო წყაროებში დაცული გადმოცემა დაედო. იგი მოციქულთასწორის წმ. ნინოს მიერ მე-4 საუკუნეში ქართლის მოქცევას უკავშირდება და წმ. მეფის მირიანის დროიდან დაწესდა.

კათალიკოს-პატრიარქის კურთხევით, წინა წელს აღმართული ჯვრები სხვადასხვა ეპარქიაში გადაბრძანდება, რათა პატიოსანი ჯვრების მადლი საქართველოში განიფინოს.