შეკრება დევიზით -

შეკრება დევიზით - "რეჟიმი უნდა გასამართლდეს" დღეს გაიმართება

არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ყრილობისთვის ემზადება, რომელიც 19 მაისს, 14:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება. ყრილობის სლოგანია - "სამართლიანობა უნდა აღდგეს".

როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ განუცხადა, შეკრების დევიზია - "სამართალი უნდა აღდგეს, რეჟიმი უნდა გასამართლდეს". ნანა კაკაბაძის თქმით, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანი რომ არ გაუფერულდეს, აუცილებელია, ქვეყანაში სამართლიანობის რეალური აღდგენა და სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკური გასამართლება.

"უნდა გასამართლდეს პოლიტიკური ტერორის პრაქტიკა, რომელსაც ეფუძნებოდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამნაშავე ავტორიტარული რეჟიმი. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ მის ძალისხმევას ფუჭად არ ჩაუვლია. დასავლეთის გარკვეული წრეების მიერ საქართველოს მთავრობისთვის თავს მოხვეული ე.წ კოჰაბიტაციის რეჟიმი უკმაყოფილებასა და ნიჰილიზმს იწვევს საზოგადოებაში, აღვივებს ანტიდასავლურ განწყობებს. ზემოხსენებული წრეები დასავლეთიდან წლების განმავლობაში "ვერ" ამჩნევდნენ სააკაშვილის მმართველობის ავტორიტარულ ხასიათს და მას დემოკრატიულ შუქურად მიიიჩნევდნენ. ქართული საზოგადოების ვერდიქტი ერთმნიშვნელოვანია. სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმთან კოჰაბიტაცია დაუშვებელია", – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
მისივე თქმით, სახალხო მოძრაობის ყრილობა მიიღებს მიმართვას საქართველოს პარლამენტისადმი სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნით.

"საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგი უნდა გახდეს სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასება. ყრილობაზე შეიქმნება საზოგადოებრივი კომისია, რომელიც მოიძიებს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდის პოლიტიკური ტერორის კონკრეტულ ფაქტებს და წარმოადგენს კომპეტენტურ რეკმენდაციებს. რეკომენდაციის საფუძველზე დაიწყება სახელმწიფო სამოქმედო პროგრამის შემუშავება. პროგრამის მთავარი მიზანი უნდა გახდეს რეპრესირებულთა და დაზარალებულთა სამართლებრივი, პოლიტიკური, ქონებრივი და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია", - განცახადა კაკაბაძემ.

იგი ყრილობაზე იწვევს ყველას, ვინც თავს მიიჩნევს სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაზარალებულად.