„გუშინ, რამდენიმე ადამიანმა, რბილად რომ ვთქვა, გადაამლაშა“ - თეა წულუკიანი

„გუშინ, რამდენიმე ადამიანმა, რბილად რომ ვთქვა, გადაამლაშა“ - თეა წულუკიანი

გუშინ, ქუჩებში ჩვენ ვიხილეთ ძალიან სამწუხარო ფაქტები - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „ეპიცენტრში“ განაცხადა. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე 17 მაისს გამოხატული აგრესიის ხარისხით შეძრწუნებულია. „ნებისმიერ ადამიანს აქვს, არა მარტო აზრის, არამედ ბრაზის გამოხატვის თავისუფლება და პროტესტის დაფიქსირების უფლებაც. ასე იყო გუშინაც, მაგრამ ერთ-ერთმა ჯგუფმა დაარღვია მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლება. ეს იყო რამდენიმე ადამიანის მიერ ინსპირირებული პროცესი, რომლებმაც, რბილად რომ ვთქვათ, გადაამლაშეს. ბედნიერი ვარ, რომ პოლიციამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ძალადობას არ მიმართეს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არსებობს წითელი ხაზი - კანონი, რომელიც არ უნდა გადაკვეთოს, რადგან ჩვენ ვართ სახელმწიფო და უნდა დავრჩეთ მოწოდების სიმაღლეზე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

17 მაისის აქციაზე რუსთაველის გამზირზე 28 ადამიანი დაშავდა. ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეთა მცირერიცხოვან ჯგუფსა და მათ მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შორის შეტაკებების აღსაკვეთად მობილიზებული იყო ორი ათასზე მეტი პოლიციელი. წესრიგის დამცველთა სიმრავლის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ლგბტ აქციის მოწინააღმდეგეთა დაშოშმინება. მათმა ნაწილმა მიმართა ძალადობას, გაარღვია პოლიციის რიგები და სცადა ლგტბ საზოგადოების წარმომადგენელთათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პოლიციელებმა ისინი ალტერნატიულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.