მცხეთაში ხვალ ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ

მცხეთაში ხვალ ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ

მცხეთაში ხვალ ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ. მენელსაცხებლე დედების ხსენების დღეს, ხვალ, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წირვას პატრიარქის ქორეპისკოპოსი , ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი აღავლენს.

წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირები მრევლთან ერთად ტაძრიდან სამი მიმართულებით: მცხეთის ჯვრის, თხოთისა და უჯარმის ტაძრებში სამ ჯვარს გადააბრძანებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ განუცხადა, გასულ წელს დღესასწაულზე თხოთის მთაზე აბრძანებული ჯვარი ხვალვე ნიკორწმინდაში გადაბრძანდება, უჯარმიდან კი _ დედოფლისწყაროში და შემდეგ ჰერეთში, მცხეთის ჯვრიდან _ სოფელ ოფრეთში არსებულ მონასტერში, რომელიც სომხეთის საზღვარზე მდებარეობს.

ჯვართაღმართების უძველესი დღესასწაული 2007 წელს აღდგა. დღესასწაულს საფუძვლად ქართულ საისტორიო წყაროებში დაცული გადმოცემა დაედო. იგი მოციქულთასწორის წმ. ნინოს მიერ მე-4 საუკუნეში ქართლის მოქცევას უკავშირდება და წმ. მეფის მირიანის დროიდან დაწესდა.

კათალიკოს-პატრიარქის კურთხევით, წინა წელს აღმართული ჯვრები სხვადასხვა ეპარქიაში გადაბრძანდება, რათა პატიოსანი ჯვრების მადლი საქართველოში განიფინოს.