ნიდერლანდები გუშინდელი მოვლენებისადმი უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს ელჩს გააცნობს

ნიდერლანდები გუშინდელი მოვლენებისადმი უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს ელჩს გააცნობს

საქართველოში გუშინ განვითარებული მოვლენებით შეშფოთებას გამოთქვამს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანს ტიმერმანსი. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

როგორც სამინისტროს ვებგვერდზეა აღნიშნული, "მინისტრი შოკირებულია საქართველოში ჰომოსექსუალთა უფლებების დასაცავი დემონსტრაციის ძალადობრივი დარბევით, რომლის შედეგაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა".

"დაუშვებელია, განსაკუთრებით კი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, რომ ლგბტ ადამიანებს არ მიეცათ თავიანთი ფუნდამენტური უფლებების გამოხატვის საშუალება, რაც გულისხმობს თავისუფალი გამოხატვისა და მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას. ნიდერლანდები, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად, შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ პოლიცია ვალდებულია, დაიცვას ლგბტ ადამიანების უფლებები", - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის მთავრობა ჰააგაში გამოიძახებს საქართველოს ელჩს, რათა საკუთარი უკმაყოფილება გამოხატოს.