Amnesty International - თბილისში პოლიციამ ვერ შეძლო ლგბტ აქტივისტების დაცვა

Amnesty International - თბილისში პოლიციამ ვერ შეძლო ლგბტ აქტივისტების დაცვა

17 მაისის აქციის დაშლას ეხმაურება საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International. როგორც ორგანიზაციის საიტზე გავრცელებულ სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს დედაქალაქ თბილისში პოლიციამ ვერ შეძლო ლგბტ აქტივისტების დაცვა, რომელთაც ათასობით ადამიანი დაესხა თავს.

"ემნესტი ინტერნეიშენალი" მიიჩნევს, რომ პოლიციამ არაეფექტური რეაგირება მოახდინა ორგანიზებულ და ძალადობრივ ჰომოფობიურ აქციაზე.

"ირონიაა, რომ ეს სამარცხვინო ძალადობა დაემთხვა დღეს, რომელიც მსოფლიოში ჰომოფობიის წინააღმდეგ სოლიდარობის დღედ ითვლება. ეს კი მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გრძელი გზა აქვს გასავლელი ტოლერანტობის ხელშესაწყობად და ლგბტ ადამიანებისა და მათი უფლებების დასაცავად. ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ძალადობის ფაქტები და პასუხი აგონ მათ, ვინც კანონით დასჯადი ქმედება ჩაიდინა", - აცხადებს Amnesty International-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორი ჯონ დალჰუისენი.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ უკვე ზედიზედ მეორე წელია თბილისში პოლიცია ვერ ახერხებს ლგბტ აქტივისტების დაცვას ორთოდოქსი დაჯგუფების თავდასხმებისგან.

"საქართველოში სახიფათო ტენდენცია ხდება რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მიმართ ძალადობის პატიება და დაუსჯელობა, თუ ამას მართლმადიდებელი სამღვდელოება და მათი მიმდერები სჩადიან. მიუღებელია, რომ ხელისუფლებამ კვლავ დაუშვას რელიგიის სახელით განხორციელებული თავდასხმები ადამიანებზე მათ სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო", - აღნიშნავს დალჰუისენი, რომელიც ასევე აცხადებს, რომ წლევანდელი კონტრ-დემონსტრაციის დაანონსება იმას ცხადყოფდა, რომ ძალადობა მოსალოდნელი იქნებოდა.

"გასული წლის მოვლენებიდან ცხადი იყო, ასევე წლევანდელი კონტრ-დემონსტრაციის დაანონსებიდან, რომ ძალადობა მოსალოდნელი იყო. სამწუხაროდ, პოლიცია მოუმზადებელი აღმოჩნდა და კიდევ ერთხელ ვერ შეძლო ლგბტ აქტივისტებისთვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა. მსგავსი არაეფექტური ქმედებით, საქართველოს ხელისუფლება შეუწყნარებლობასა და დაუსჯელობის წახალისებას ახდენს. მათ უნდა გააუმჯობესონ მომავალში მშვიდობიანი დემონსტრაციების დაცვა და უზრუნველყონ, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდება", - განაცხადა Amnesty International-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორმა.