მიხეილ სააკაშვილმა ბილ კლინტონი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა

მიხეილ სააკაშვილმა ბილ კლინტონი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა ბილ კლინტონი ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისა და განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის დააჯილდოვა.

"თქვენ შეცვალეთ მსოფლიოს დიდი ნაწილი. ძალიან ცოტა ადამიანმა თუ შეძლო მსგავსი რამ ასეთ მოკლე პერიოდში. თქვენ ბევრს მუშაობდით სოციალურ თანასწორობაზე. ვფიქრობ, თქვენ შეძელით ჩვენი მსგავსი პატარა ქვეყნების გადარჩენა. თქვენ ისტორიულად დიდი პიროვნება ბრძანდებით არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტს მადლობა ბილ კლინტონმაც გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ასეთი ღირსეული ჯილდოს ტარება.

ბილ კლინტონი აშშ-ის პრეზიდენტი 1993-2001 წლებში იყო.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება.