ხათუნა ლაგაზიძე:  დღევანდელი პროვოკაციის ავტორი ძველი ხელისუფლებაა

ხათუნა ლაგაზიძე: დღევანდელი პროვოკაციის ავტორი ძველი ხელისუფლებაა

დღევანდელი პროვოკაციის ავტორი ძველი ხელისუფლებაა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, დღევანდელი აქცია არ იყო ლოკალური და ის საზოგადოებაში დასავლეთის მიმართ აგრესიის გაზრდისკენ იყო მიმართული. "ვფიქრობ, ეს იყო უფრო შორს მიმავალი მიზნის ერთ-ერთი ნაწილი, იმ მიზნით, რომ მსგავსი ტიპის აქციებით საზოგადოებაში მაქსიმალურად გაზარდონ აგრესია დასავლეთის და ამერიკის მიმართ. გარკვეული წრეები ამით ძალიან კარგად სარგებლობენ და პირდაპირ აბამენ ასეთი ტიპის აქციებს დასავლეთის ინტერესებს. დღევანდელმა დღემ ნათლად დაადასტურა, რამხელა აგრესიაა საზოგადოებაში მსაგვსი ტიპის აქციების მიმართ. აქედან გამომდინარე პირდაპირი პროვოცირება შეიძლება მოხდეს ამ აგრესიის სწორედ დასავლური კურსის მიმართ", - აცხადებს ლაგაზიძე.

პოლოტოლოგი მიიჩნევს, რომ გარკვეულმა ძალებმა შესაძლოა ეკლესიის მსახურები ბრმა იარაღად გამოიყენონ. "სამწუხაროა, რომ ამ ძალის ხელში, რომელმაც ეს აქცია საქართველოს საზოგადოების დასავლეთისთვის ზურგის შექცევისთვის დაგეგმა, შეიძლება ბრმა იარაღად იყვნენ გამოყენებული ეკლესიის მსახურები. როგორც ჩანს, საუბარია უფრო გლობალურ მიზნებზე. ამიტომ, ცოტა უფრო მეტი მასშტაბურობა მართებთ ხოლმე ასეთი აქციების დროს. საჭიროა გაანალიზება, რომ ლოკალურ აქციებს არ გადაყვეს ქვეყნის ინტერესები. პირადად მე ამ პროვოკაციის ავტორად მესახება ძველ ხელისუფლება, რადგან მათ არაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ მსგავსი ტიპის აქციებით შელახონ ერთის მხრივ ქვეყნის იმიჯი და მეორეს მხრივ, გაზარდონ აგრესია საზოგადოებაში", - აღნიშნა ლაგაზიძემ.