თინა ხიდაშელი:  ხელისუფლება და დეპუტატები რუსთაველზე მომხდარ ფაქტს ემიჯნებიან

თინა ხიდაშელი: ხელისუფლება და დეპუტატები რუსთაველზე მომხდარ ფაქტს ემიჯნებიან

ხელისუფლება და დეპუტატები აბსოლუტურად გმობენ და ემიჯნებიან იმ ფაქტს, რაც რუსთაველის გამზირზე მოხდა, - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისივე თქმით, ასეთი რამ არ შეიძლება ცივილიზაციაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანაში ხდებოდეს. ხიდაშელის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ შეიძლება გყავდეს ცივილიზებული პოლიცია, რომელიც ახერხებს ერთის მხრივ, იყოს ცივილიზებული და მეორეს მხრივ, თავი აარიდოს მძიმე ანგარიშსწორებას საკუთარი მოქალაქეების მიმართ.

"რა სპეკულაციებიც არ უნდა მოვისმინოთ, ხელისუფლება მისი პირველი პირიდან დაწყებული ნებისმიერი სხვა დეპუტატის ჩათვლით, აბსოლიტურად გმობს და ემიჯნება იმ ფაქტს, რაც რუსთაველის გამზირზე მოხდა. ეს არის მიუღებელი. ასეთი რამ არ შეიძლება ცივილიზაციაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანაში ხდებოდეს. ჩვენ ვნახეთ რა ტიპის ძალადობასთან გვქონოდა საქმე და ზუსტად ასევე ეფექტურად მოახერხებენ ამ აქციაზე რეაგირებას. მაგრამ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ვითარება ძალიან მწვავეა და ეს ადამიანები არიან ძალიან აგრესიულები და მე ვარ აბსოლიტურად დარწმუნებული, რომ სწორად იქცევიან სამართალდამცავები, როდესაც კიდევ უფრო არ ამწვავებენ სიტუაციას. მათი ამოცანაა არ დაუშვან ძალადობის ესკალაცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ შეიძლება გყავდეს ცივილიზებული პოლიცია, რომელიც იმას აახერხებს, რომ ერთი მხრივ, იყოს ცივილიზებული და მეორე მხრივ, თავი აარიდოს მძიმე ანგარიშსწორებას საკუთარ მოქალაქეებზე", - აცხადებს ხიდაშელი.

მისივე თქმით, ის, რაც მოხდა დიდი კონტრასტია იმასთან შედარებით, რასაც ვხედავდით წინა წლებთან მიმართებაში.