ფილიპ დიმიტროვი:   სამწუხაროა, რომ დღეს გამოხატვის თავისუფლება ძალადობრივად იქნა აღკვეთილი

ფილიპ დიმიტროვი: სამწუხაროა, რომ დღეს გამოხატვის თავისუფლება ძალადობრივად იქნა აღკვეთილი

თბილისში, რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსთან" კომენტარი გააკეთა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა . მის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ. 

"კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას უაღრესად მნიშვნელოვან საკითხად მივიჩნევთ. ეს სწორედ ის არის, რაც ქალბატონმა ეშტონმა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებულ დღევანდელ განცხადებაში აღნიშნა. ბუნებრივია, ჩემთვის ძალზე სამწუხაროა, რომ დღეს გამოხატვის თავისუფლება ძალადობრივად იქნა აღკვეთილი მეორე მხარეს მყოფი დემონსტრანტების მიერ. იმ ადამიანებს, რომლებმაც ქუჩები გადაკეტეს ალბათ არ ესმით, რომ მათგან არავინ ითხოვს, მოსწონდეთ ან იზიარებდნენ ამა თუ იმ სახის ქცევას. თუმცა, ცივილიზაციის დღევანდელი სტანდარტით ნორმალურია ის, რომ ადამიანმა შეძლოს ხელშეშლის გარეშე გამოხატოს თავისი თავი ისეთად, როგორიც არის. ძალადობა და სისასტიკე მათ მიმართ, ვინც განსხვავებულად გრძნობს თავს, არ არის ნორმალური. საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას სწორედ ეს სტანდარტები და ,,ნორმალურის" ასეთი გაგება. სირცხვილი იქნება, თუკი შეუძლებელი გახდება ამ ვალდებულებების დაცვა",-განაცხადა "ინტერპრესნიუსის" კითხვის პასუხად დიმიტროვმა.