ზურაბ აბაშიძე:  ეს არ არის გამოსავალი, რომელსაც დღეს სასულიერო პირებმა მიმართეს

ზურაბ აბაშიძე: ეს არ არის გამოსავალი, რომელსაც დღეს სასულიერო პირებმა მიმართეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, არ შეიძლება საზოგადოება გეების მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად დაიყოს. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა. 

მისივე თქმით, გზა, რომელსაც სასულიერო პირებმა მიმართეს, არ არის გამოსავალი და ამით საკითხის უფრო მეტი პოპულარიზაცია ხდება. აბაშიძის შეფასებით, ფაქტი გარე სამყარომ შეიძლება ექსტრემისტულად აღიქვას.

"ჩემი პოზიცია ასეთია, რომ არ უნდა მიდიოდეს ამ საკითხის პოპულარიზაცია, პროპაგანდა. მეორე საკითხი, რომ ჩვენ ამას ამ ფორმით დავუპირისპირდეთ, ესეც არ არის გამოსავალი. ეს არ არის გამოსავალი, რომელსაც დღეს შეიძლება სასულიერო პირებმა მიმართეს. ამით მე ვფიქრობ, უფრო მეტად აქტუალიზებას ვახდენთ ამ საკითხის და უფრო მეტად შეიძლება ყურადღება მიიქციოს გარე სამყაროსაგან, რომ ჩვენს ქვეყანაში არის რაღაცა მიმართულება, რომელიც შეიძლება ექსტრემისტულად იქნეს აღქმული. ამიტომ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ყოველივე ამას. საბოლოოდ პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, მთელ საზოგადოებას, საქართველოს, სახელმწიფოს. აქ არ შეიძლება დავიყოთ ჩვენ საზოგადოება გეების მომხრეებად და გეების მოწინააღმდეგებად და იქ ვიღაცა ჯვრებით დადიოდეს, არ შეიძლება", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ თემატიკას ყველგან, მათ შორის ეკლესიაშიც, საგანმანათლებლო მუშაობა სჭირდება.

"ამას სჭირდება საგანმანათლებლო მუშაობა, იგივე ეკლესიაში. ბუნებრივია ამითი არიან სასულიერო პირები დაკავებულები და არავინ არ მოუწოდებს, რომ იყოს ადამიანი მამათმავალი ან ლესბოსელი და აშ. ყველა ადამიანი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რომ იყოს ესეთი მან მიიღო გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, მის მოსაზრებას პატივი უნდა ვცეთ. ამიტომ ცემით და ძალადობით ჩვენ ამას ვერ შევცვლით და ვერც ვერავინ ვერ შეუცვლია ჯერჯერობით",- განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ზურაბ აბაშიძემ.