პატრიარქი ავღანეთში სამი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

პატრიარქი ავღანეთში სამი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ავღანეთში სამი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

"საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას ა.წ. 13 მაისს ავღანეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი სამი მეომრის – ალექსანდრე კვიწინაძის, ვლადიმერ შანავასა და ზვიად დავითაძის სიცოცხლე შეეწირა. ამ ახალგაზრდებმა თავი დადეს მოყვასისათვის და ქართველი ჯარისკაცის სახელი და ღირსება დაიცვეს.

ეკლესია ლოცულობს მათთვის და ჩვენც შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დააწესოს უკვდავი სული ზვიადის, ვლადიმერისა და ალექსანდრესი", - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.