შსს-ს საგაზაფხულო ტურნირი გრძელდება

შსს-ს საგაზაფხულო ტურნირი გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შსს-ს საგაზაფხულო სპორტული შიდა ტურნირის მორიგი შეხვედრები გაიმართა კალათბურთში, ცურვაში, ძიუდოში, მკლავჭიდსა და ჭადრაკში.

მკლავჭიდის შიდა ჩემპიონატი სხვადასხვა წონითი კატეგორიის შესაბამისად გაიმართა. მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 68 სამართალდამცველი მონაწილეობდა. გამოვლინდა 5 გამარჯვებული და საპრიზო ადგილის 5 მფლობელი.

სხვადასხვა წონით კატეგორიებში ჩატარდა ძიუდოს შიდა ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობა არა ერთმა მოქმედმა და ვეტერანმა სამართალდამცველმა-სპორტსმენმა მიიღო, მათ შორის, ჭიდაობაში მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონები და პრიზიორებიც არიან.

ცურვაში შეჯიბრი სხვადასხვა სახეობაში გაიმართა. თავისუფალ სტილში ქალბატონებმაც იასპარეზეს. გუნდურ ესტაფეტაში შსს-ს აკადემიის გუნდმა გაიმარჯვა.

ჭადრაკში საუკეთესო შედეგი სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ობიექტების დაცვის სამმართველოს წარმომადგენელმა ნიკოლოზ ვოლკოვმა აჩვენა. გამარჯვებული საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა და შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

კალათბურთის ფინალურ მატჩში ერთმანეთს შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოსა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის გუნდები შეხვდნენ. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა ანგარიშით - 43-37 გაიმარჯვა. მატჩის შემდეგ შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურმა შიდასაუწყებო ჩემპიონი - თასით, ხოლო მე-2 და მე-3 ადგილზე გასული გუნდები სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვა.

საგაზაფხულო ტურნირი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. სპორტული შეხვედრები გაიმართება: მინი-ფეხბურთში, ესტაფეტა-მარათონში და პისტოლეტიდან სროლაში.