მიხეილ სააკაშვილი - ამერიკაში საქართველო რეფორმებთან დაკავშირებული ბრენდია

მიხეილ სააკაშვილი - ამერიკაში საქართველო რეფორმებთან დაკავშირებული ბრენდია

ამერიკაში საქართველო რეფორმებთან დაკავშირებული ბრენდია, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-ჯერსის გუბერნატორ კრის კრისტისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დასავლეთის და ამერიკის რადარიდან არ გაქრეს.

"ჩვენ უნდა ვნახოთ ვინ არის ამერიკის ხვალინდელი დღის ელიტა, რადგან საქართველო ყოველთვის არ იქნება იმ მძიმე მდგომარეობაში, რომელშიც ბოლო პერიოდში აღმოჩნდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მუდმივად წინ უნდა ვიხედებოდეთ და უნდა ვხედავდეთ ხვალინდელი ლიდერების თაობას. ამიტომ ჩვენ ორივე პარტიის - "რესპუბლიკელებისა" და "დემოკრატების" წარმომადგენლებს ვხვდებით, რომლებმაც 2016 წლის შემდეგ, ამ ქვეყნის მმართველობა უნდა ჩაიბარონ. ჩვენ ვემზადებით მომავლისათვის. საქართველო არამცთუ არ უნდა გაქრეს დასავლეთისა და ამერიკის რადარიდან, არამედ, პირიქით, ბოლომდე უნდა გავიდგათ ფესვები და გავაძლიეროთ მხარდაჭერა ჩვენს მიმართ. კრისტის შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ იგი ერთ-ერთი მთავარი რეფორმატორია, ამერიკაში კი საქართველო სწორედ რეფორმებთან დაკავშირებული ბრენდია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თავის მხრივ, კრის კრისტიმ საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და დემოკრატიული პროცესების გაგრძელების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა.