"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტის განხილვის დასრულება ვერც გუშინდელ სესიაზე მოესწრო

"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით განხილვის დასრულება ვერც გუშინდელ სესიაზე მოესწრო.
შესაბამისად, აღნიშნული საკითხზე მსჯელობით განახლდება პარლამენტის დღევანდელი სხდომა, რომელიც 12:00 საათისთვის დაინიშნა.

უმცირესობა, რომელიც მთავრობის შეთავაზებას კატეგორიულად ეწინააღმდება, წარმოდგენილი ცვლილებების საპირისპიროდ პოლიტიკური არგუმენტების გარდა, პროცედურულ ხერხებსაც იყენებს. შედეგად, გუშინდელი სესია რიგით მესამეა, რაც პროექტის განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს, მაგრამ საკითხი კენჭისყრამდე ვერ მიდის.

პარლამენტი მოცემული მომენტისთვის "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" პაკეტის ფარგლებში "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატან ცვლილებებს იხილავს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების წესის დარღვევისთვის 400-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის შემოღებას ითვალისწინებს.

გუშინდელი სხდომის ბოლოს დეპუტატმა შოთა მალაშხიამ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი წარმოდგენილ ცვლილებებს ხელს არ მოაწერს და პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.