დეკანოზი თეოდორე - 17 მაისის აქცია ჰომოსექსუალობის პროპაგანდაა და საზოგადოებამ არ უნდა წაუყრუოს

დეკანოზი თეოდორე - 17 მაისის აქცია ჰომოსექსუალობის პროპაგანდაა და საზოგადოებამ არ უნდა წაუყრუოს

ჯვრის ამაღლების ტაძრის წინამძღოლი, დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განცხადებით, 17 მაისის აქცია ჰომოსექსუალობის პროპაგანდაა და ამას საზოგადოებამ არ უნდა წაუყრუოს.
მამა თეოდორე მიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალებს ქვეყანაში არ დევნიან, მათ არ აქვთ პრობლემები კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით და, ამდენად, არ იზიარებს იმ აზრს, რომ ჰომოსექსუალები ქვეყანაში იდევნებიან. მამა თეოდორეს აზრით, დღეს დაგეგმილი აქცია არის ჰომოსექსუალობის პროპაგანდა და ამას საზოგადოებამ არ უნდა წაუყრუოს. "ამ ადამიანების უკან სერიოზული ლობი, ძალა და ფინანსები დგას, რომლებსაც სურთ განავითარონ ეს საქმე ისე, როგორც რიგ ქვეყნებშია", - აღნიშნა მამა თეოდორემ.

მისივე თქმით, როდესაც სასულიერო პირებისათვის ცნობილი გახდა 17 მაისს პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქციის გამართვის შესახებ, სასულიერო პირებმა გადაწყვიტეს, არ წაუყრუონ ამ პრობლემას და ერთგვარი ბუფერი გააკეთონ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც აქციას მართავენ და რომლებიც იქ ამ აქციის გასაპროტესტებლად მივლენ, რათა ადგილი არ ჰქონდეს ძალადობას და დაპირისპირებას.

მამა თეოდორე მიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალობა ცოდვა და არაბუნებრივი მდგომარეობაა. იგი თვლის, რომ ეს გადამდებია და საშიშია მომავალი თაობისათვის. ამასთან, აღნიშნა, რომ ჰომოსექსუალების მიმართ აგრესია, როგორც ადამიანების მიმართ, არ გააჩნიათ, რადგან "ისინიც მსხვერპლნი არიან". დეკანოზის თქმით, ეს ცოდვაა და ისეთივე დამღუპველია, როგორც სხვა ცოდვები.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას დეკანოზმა თეოდორემ აღნიშნა, სასულიერო პირები მრევლთან ერთად დღეს, 11:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან, იქიდან დაიწყება მსვლელობა პარლამენტის ყოფილი შენობისაკენ, სადაც სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანები აქციის გამართვას აპირებენ. მამა თეოდორეს თქმით, მათი მსვლელობა და აქცია იქნება მდუმარე და მშვიდობიანი.