გია ხუხაშვილი:   მე მივიღე

გია ხუხაშვილი: მე მივიღე "ნაციონალური მოძრაობის" გამოწვევა

მე მივიღე "ნაციონალური მოძრაობის" გამოწვევა, ძალიან არ მინდა, მაგრამ ბევრი მაქვს კიდევ სათქმელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერის მრჩეველმა გია ხუხაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, არ უნდა საუბარი გარკვეულ ფაქტებთან დაკავშირებით, რადგან გამოძიებას აქვს თავისი წესები და, ასევე, არ სურს, რომ ეს პოლიტიკაში გადავიდეს.

"კეზერაშვილსა და სხვებზე ბევრს მოვისმენთ, მხიარული ცხოვრება გვექნება კიდევ რამოდენიმე თვის განმავლობაში და ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ, მაგრამ მირჩევნია, ჩემგან აღარ გაიგოთ. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მიმძიმს ამ თემებზე საჯაროდ საუბარი", – აღნიშნა ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილი დღეს "საქართველოს რკინიგზის" თემას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა, გაიხსენა 2004 წელი, როდესაც დაინიშნა რკინიგზის გენდირექტორად.

"იქ მუშაობდა შავო სალარო, თუმცა მაშინ მე და ლევან ვარშალომიძემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ბიზნესი გათეთრებულიყო და შავი სალარო რკინიგზის ბიუჯეტში წასულიყო, რასაც ფაქტობრივად შევეწირე",-აღნიშნა ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილის ინფორმაციით, რაღაც ეტაპზე მივიდა ბრძანება ხელისუფლების მხრიდან და მაშინ უკვე პრეზიდენტი იყო სააკაშვილი, რომ შავი სალარო უნდა აღდგენილიყო. შემდეგ, როგორც ხუხაშვილი ამბობს, გააკეთა განცხადება გადადგომის თაობაზე და ამის შემდეგაც მოხდა მასზე თავდასხმა.

"დღეს მე მოვახერხე ის, რაც 2004 წელს ვერ მოვახერხე. დაახლოებით 10 მილიონი დოლარი, რომელიც რკინიგზის რესურსი იყო, სავარაუდოდ გამომდინარე იქიდან, რომ კეზერაშვილი "ნაციონალების" მოლარე იყო და ეს ფული "ნაციონალების" სალაროში მიდიოდა. ახლა ეს ყველაფერი რკინიგზას დაუბრუნდა", – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, "ცხოვრებაში ხელფასს არასოდეს გაცდენილა და სამწუხაროდ მის წინააღმდეგ ბინძური კამპანია და ნიაღვარი ძალიან ბევრი მხრიდან მიდის".

ამასთან, გია ხუხაშვილმა სთხოვა მედიის წარმომადგენლებს იმის გარკვევა, თუ რა დგას ყოველივე ამის უკან.

"არც მატერიალური და არც კარიერული ინტერესი ამ ქვეყანაში არ მქონია და არც მექნება. პოლიტიკაში შებიჯებას არ ვაპირებ. პირიქით, ვცდილობ, მაქსიმალური დისტანცირება გავაკეთო პოლიტიკისგან", – აღნიშნა ხუხაშვილმა.