ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის ბიზნესჯგუფი საპარლამენტო უმცირესობის განცხადებებს პასუხობს

ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის ბიზნესჯგუფი საპარლამენტო უმცირესობის განცხადებებს პასუხობს

ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის ბიზნესჯგუფი საპარლამენტო უმცირესობის განცხადებებს პასუხობს. იაკობაშვილის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ალექსანდრე ბერიძე მთავრობის მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას უარყოფს და ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისა და შეფასებებისაგან. 

ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის ბიზნესჯგუფის საპარლამენტო უმცირესობისადმი საპასუხო განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"გუშინ, 7 მაისს, მედიის საშუალებით საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან გაჟღერებულ იქნა უსაფუძვლო მოსაზრებები დავით იაკობაშვილის ბიზნესჯგუფზე ზეწოლისა და კონკრეტულად კომპანია Outdoor.ge-ს შესაძლო გასხვისების შესახებ.

ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ბატონი ალექსანდრე ბერიძე უარყოფს რაიმე სახის ზეწოლას მთავრობის მხრიდან და მოუწოდებს ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისა და შეფასებებისაგან, რადგან ყოველი ასეთი უსაფუძვლო განცხადება აღიქმება, როგორც ბიზნესზე ზეწოლა და არღვევს თავისუფალი ბიზნესგარემოს პრინციპებს.

ძალზედ სამწუხაროა, რომ მაშინ როდესაც ჩვენი ბიზნესჯგუფი დაკავებულია მიმდინარე საინვესტიციო პროექტების განხორციელებით, გვიხდება კომენტარების კეთება და ყურადღების გადატანა ისეთ აბსურდულ თემებზე, რომლის თანახმადაც, თითქოსდა ჩვენს ჰოლდინგზე საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმდინარეობს რაიმე ფორმის ზეწოლა.

ამგვარი განცხადებები აღიქმება, როგორც ბიზნესზე ზეწოლა და უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის ფორმირებაზე.

რაც შეეხება კომპანია Outdoor.ge-სთან დაკავშირებულ შესაძლო გარიგებას ან ნებისმიერი ფორმით კომპანიის სტრატეგიულ განვითარებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, განგიმარტავთ, რომ ეს გახლავთ ინვესტორის პრეროგატივა და მოვუწოდებთ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ფორმით პოლიტიკური მიზნებისთვის სააშკარაოზე გამოიტანოს კერძო ბიზნესის კომერციული პირობები. ბატონი დავით იაკობაშვილის ბიზნესჯგუფი, წარმოდგენილია საქართველოში ათზე მეტი საინვესტიციოპროექტით. აღნიშნულ ჯგუფს საქართველოში განხორციელებული აქვს 150 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია, ამ ჯგუფში დასაქმებულია საქართველოს 2000-ზე მეტი მოქალაქე, ხოლო ბიუჯეტში შეტანილი გადასახადების თანხები 30 მილიონ ლარს აღემატება", - ნათქვამია ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის ბიზნესჯგუფის საპარლამენტო უმცირესობისადმი საპასუხო განცხადებაში.

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი სარეკლამო კომპანია Outdoor.ge-ს ერთ-ერთ პირზე გადაფორმებას ცდილობს. როგორც ნადირაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხუხაშვილი ამ კომპანიის გიორგი ღამბაშიძეზე გადაფორმებას ცდილობს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო კამპანიაშიც მონაწილეობდა. მისივე თქმით, დავით იაკობაშვილის ყველა ბიზნესზე ზეწოლა ხორციელდება და გამორიცხული არ არის, რომ მან ამ ინფორმაციის საჯაროდ დადასტურებისგან თავი შეიკავოს.

ამასთან, პრემიერის მრჩეველმა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რომ დავით იაკობაშვილის "Outdoor.ge" დავით კეზერაშვილის ბიზნესჯგუფში შედიოდა. მისი თქმით, იგი იცნობს დავით იაკობაშვილსაც და გიორგი ღამბაშიძესაც, თუმცა, მათ შორის რაიმე გარიგება თუ ხდება, ინფორმაცია არ აქვს. პრემიერის მრჩეველმა ისაუბრა იმის შესახებაც, თუ რა ურთიერთობა ჰქონდა დავით იაკობაშვილის ჯგუფთან.

"ეს ბიზნესჯგუფი იყო დავით კეზერაშვილის. მათ შორის "Outdoor.ge". ეს ყველამ იცის. ეს ჯგუფი აკონტროლებდა რკინიგზის გადაზიდვებს და სახელმწიფო რესურსი, დაახლოებით 10 მლნ დოლარი ამ ბიზნესიდან ყოველწლიურად კერძო ჯიბეებში და, სავარაუდოდ, "ნაციონალური მოძრაობის" სალაროში მიდიოდა. ერთადერთი ურთიერთობა, რაც მე ამ ჯგუფთან მქონდა, არის ის, რომ დღეს, როდესაც კეზერაშვილი იქ არ არის, ეს რესურსი დაუბრუნდა სახელმწიფოს. ანუ ეს კომპანია სახელმწიფო საკუთრებაში მიემართა, ამაში მე ნამდვილად მივიღე მონაწილეობა", - დასძინა გია ხუხაშვილმა.