თავისუფალ სტუდენტთა კავშირის ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს

თავისუფალ სტუდენტთა კავშირის ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს

თავისუფალ სტუდენტთა კავშირის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ მეტრეველის განცხადებით, 1 მაისს სტუდენტთა მანიფესტაციაზე მომხდარი ინციდენტის გამო შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა აუცილებელია. 

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკოლოზ მეტრეველმა განაცხადა, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის პრობლემა არსებობს. მეტრეველის განცხადებით, საქართველოში 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ახალგაზრდები აწყდებიან ადამიანის უფლებების დარღვევას, არა პოლიტიკის, არამედ სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში.

"ამ კუთხით ახალმა მთავრობამ უმძიმესი მემკვიდრეობა მიიღო. არსებული პრობლემები ხელისუფლების ყველა შტომ და ქართულმა საზოგადოებამ ერთად უნდა დაძლიოს. ამ პროცესში ახალგაზრდებს საკუთარი პასუხისმგებლობა გააჩნიათ. ხელისუფლება ვალდებულია მოისმინოს, გააანალიზოს და საზოგადოებასთან ერთად გადაჭრას ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები.

დარწმუნებული ვარ, 1 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტი სამაგალითო უნდა იყოს ყველასთვის. მსგავსი ფაქტების პრევენციის ქმედითი მექანიზმი უნდა შეიქმნას. ამ მიზნით თავისუფალ სტუდენტთა კავშირი მზად არის დაიწყოს დიალოგი შს სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და ყველა დაინტერსებულ მხარესთან", - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.

მისივე ინფორმაციით, რუსთაველზე მომხდარი დაპირისპირება კარგად უნდა იყოს გაანალიზებული და პასუხისმგებლობა უნდა აიღონ როგორც სამართალდამცავებმა, ასევე იმ სტუდენტებმა, რომლებმაც გარკვეულწილად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი.