მმართველი გუნდი ნდობის ჯგუფში ოპოზიციის კანდიდატ გივი თარგამაძეს მხარს არ დაუჭერს

მმართველი გუნდი ნდობის ჯგუფში ოპოზიციის კანდიდატ გივი თარგამაძეს მხარს არ დაუჭერს

მმართველი უმრავლესობა პარლამენტის ნდობის ჯგუფში უმცირესობის მხრიდან შეთავაზებული კანდიდატურის - გივი თარგამაძის შეყვანის წინააღმდეგია და მის მხარდაჭერას არ აპირებს. 

სწორედ თარგამაძეა იმის მიზეზი, რომ დღევანდელ პარლამენტს შეკრებიდან შვიდი თვის თავზე ნდობის ჯგუფი არ ჰყავს. არადა, პარლამენტის ყველა იმ სუბიექტს, რომელიც უფლებამოსილია, ნდობის ჯგუფში საკუთარი წარმომადგენელი დაასახელოს, კანდიდატურები დიდი ხანია, რაც დასახელებული ჰყავს. ჯგუფის ფორმირება და საკითხის კენჭისყრაზე გატანა კი, მაინც არ ხდება.

ნდობის ჯგუფი აღმასრულებელი ორგანოების სპეციალური პროგრამების და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის მიზნით იქმნება. ჯგუფი ხუთი წევრისგან შედგება, რომელთაგან ერთი თანამდებობრივად პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეა, ერთი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთა შეთანხმებით წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატი, ორი – უმცირესობის ან იმ ფრაქციის წევრი, რომელიც უმრავლესობაში გაერთიანებული არ არის. ამ პრინციპის გათვალისწინებით, უმრავლესობამ ნდობის ჯგუფში დავით საგანელიძის კანდიდატურა წარადგინა, მაჟორიტარების მხრიდან - ზვიად ძიძიგურის კანდიდატურა, უმრავლეობისა და უმცირესობის გარეთ მყოფი ფრაქციის "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების მხრიდან" კახა ოქრიაშვილის კანდიდატურა დასახელდა. ნდობის ჯგუფის შემადგენლობაში ავტომატურად შედის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი, ხოლო უმცირესობამ ამ ჯგუფში პარლამენტს გივი თარგამაძის კანდიდატურა შესთავაზა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ძირითადი მიზეზი, რის გამოც მმართველი გუნდი გივი თარგამაძის კანდიდატურის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს, რუსეთში მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე და რუსი სამართალდამცავების მხრიდან წითელი ცირკულარით გამოცხადებული ძებნაა. ამ შემთხვევაში საქმე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.

"ქართული მხარე რუსული მხარისთვის თარგამაძის გადაცემას ნამდვილად არ აპირებს, მაგრამ მას ეძებს ინტერპოლი. დავუშვათ, რომ რუსეთის საგამოძიებო ორგანოების ხელში საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრი აღმოჩნა, რომელსაც წვდომა ჰქონდა და ინფორმირებულია ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების დახურული პროგრამების და კონფიდენციალური მასალების შესახებ. ამ შემთხვევაში უკვე ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი დგება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" წყარომ.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მმართველი გუნდის მხრიდან ნდობის ჯგუფის წევრად წარდგენილმა კანდიდატმა, დავით საგანელიძემ "ინტერპრესნიუსს" დაუდასტურა, რომ გივი თარგამაძის კანდიდატურას უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს, თუმცა, მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან გამოცხადებული ძებნა მათთვის არგუმენტი არ არის.

"ოპოზიციას ვუთხარი, რომ თუკი სხდომაზე გივი თარგამაძის კანდიდატურას დააყენებენ, ის "ჩავარდება". ისინი ამბობენ, რომ კანდიდატურის შერჩევა და დაყენება მათი პრეროგატივაა. კი ბატონო, დააყენონ, მაგრამ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ისინი დაჟინებით მოითხოვენ ნდობის ჯგუფში თარგამაძის შეყვანას, რაზეც ჩვენ ვპასუხობთ, რომ თარგამაძე ნდობის ჯგუფში არ იქნება.

თარგამაძის მისამართით ბევრი კითხვა არსებობს. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, მიპასუხეთ, სად არის ახლა ის? არის საქართველოში? რატომ არ არის და რამდენი თვეა, რაც არ არის? კიდევ რამდენი თვე შეიძლება არ იყოს? - ეს ყველაფერი არ ვიცით. შეიძლება პარლამენტის ნდობის ჯგუფში იყოს ადამიანი, რომელიც რამდენიმე თვეა, ქვეყანაში არ იმყოფება და როდის ჩამოვა, კაცმა არ იცის?! დავიჯერო, თარგამაძე უმცირესობაში შეუცვლელია და ვერ ცვლიან სხვა დეპუტატით?! რაც შეეხება იმას, თუ ვინ ეძებს თარგამაძეს, ეს ჩვენთვის ფაქტორი და არგუმენტი არ არის. არც ვუშვებ, რომ თარგამაძე შეიძლება რუსეთის საგამოძიებო ორგანოების ხელში აღმოჩნდეს. თარგამაძის რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგ პირველი მე წავალ - ეს გამორიცხულია და ასეთ ვარიანტს თეორიულადაც არ ვუშვებ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დავით საგანალიძემ.

პარლამენტის ნდობის ჯგუფის დამტკიცების საკითხი შესაძლოა, უახლოესი სესიის დღის წესრიგში ჩაისვას. ნდობის ჯგუფის ფორმირების დაჩქარებაზე ყურადღება საგანელიძემ 1 მაისის პლენარულ სხდომაზე გაამახვილა, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც გამოეხმაურა.

"ნდობის ჯგუფის ფორმირებასთან დაკავშირებით მართლაც "გაგვეწელა" საკითხები. იქნებ, მომავალი სხდომისთვის მზად ვიყოთ, იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც დასახელებულ კანდიდატებთან დაკავშირებით არის შექმნილი", - განაცხადა უსუფაშვილმა, რომელმაც მეტ კონკრეტიკისგან თავი შეიკავა, თუმცა "დასახელებული კანდიდატების" კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარემ დიდი ალბათობით თარგამაძე იგულისხმა.

პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმირებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს პროცესები, რომელიც 2004 წლის მოწვევის პარლამენტში განვითარდა. მაშინდელმა ოპოზიციამ საკუთარი კვოტით მმართველ გუნდს - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" "ახალი მემარჯვენეების" ლიდერის დავით გამყრელიძის კანდიდატურა შესთავაზა, თუმცა უმრავლესობამ ნდობის ჯგუფში გამყრელიძის კანდიდატურის მხარდაჭერაზე უარი თქვა და ოპონენტებს სხვა დეპუტატის წარდგენა შესთავაზა. "ნაციონალთა" ამ მოთხოვნას ოპოზიცია არ დასთანხმდა. მაშინდელმა პარლამენტმა უფლებამოსილება ისე ამოწურა, რომ ოპოზიციას ნდობის ჯგუფში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყოლია.

ცნობისთვის, პარლამენტი ნდობის ჯგუფის შემადგენლობას დადგენილებით ამტკიცებს. კენჭისყრა პერსონალურად ტარდება.