მიხეილ სააკაშვილი:   საქართველო არ არის დაკავშირებული ბოსტონის ტერაქტის მომწყობთან

მიხეილ სააკაშვილი: საქართველო არ არის დაკავშირებული ბოსტონის ტერაქტის მომწყობთან

"სააკაშვილი: საქართველო არ არის დაკავშირებული ბოსტონის ტერაქტის მომწყობთან", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Foreign Policy ჯოშ როჯინის ინტერვიუს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. 

ამერიკული გამოცემა წერს, რომ მასთან საუბარში საქართველოს პრეზიდენტმა "სასაცილო" უწოდა საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ამასწინანდელ განცხადებას, რომ წინა მთავრობას კავშირი ჰქონდა ბოსტონის მარათონის აფეთქების ერთ-ერთ ეჭვმიტანილ ტამერლან ცარნაევთან.

საქართველოს პრეზიდენტმა ექსკლუზიური ინტერვიუ Foreign Policy-ის აშშ-ში ოთხდღიანი ვიზიტის ბოლოს მისცა, რომლის დროსაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, სახელმწიფო მდივანს ჯონ კერისა და ექს-პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უმცროს შეხვდა.

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც "ქართულმა ოცნებამ" და მისმა მილიარდერმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გაიმარჯვეს, - წერს ჯოშ როჯინი, - სააკაშვილი, მისი ყოფილი მთავრობის რამდენიმე მინისტრთან ერთად, სასამართლო დევნის საფრთხის წინაშე დადგა, მისი მინისტრები კი, კორუფციაში დაადანაშაულეს. თუმცა, გამოცემასთან საუბარში სააკაშვილი აცხადებს, რომ ეს დევნები პოლიტიკურად მოტივირებულია.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ბოსტონში, 15 აპრილს განხორციელებული ტერაქტის შემდეგ, რომელშიც ორი ეთნიკური ჩეჩენი დაადანაშაულეს, სააკაშვილი ახალ ბრალდებას დაუპირისპირდა, რომ მისი მთავრობა მხარს უჭერდა ჩეჩენ ტერორისტებს და შესაძლოა, 2012 წელს უფროს ცარნაევს რეგიონში მოგზაურობისას მასპინძლობდა კიდეც.

"შესაძლოა, ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილს რაიმე კავშირი ჰქონდა იმ ტერორისტებთან, რომლებიც საქართველოში გადიოდნენ წვრთნებს. ჩვენ ამას გამოვიძიებთ", - ციტირებს ჯოშ როჯინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას. თუმცა, სააკაშვილი უარყოფს ამ ბრალდებას, - წერს სტატიის ავტორი. იგი აცხადებს, რომ ასეთი უგუნური განცხადებები უცხოეთში საქართველოს იმიჯსა და პოზიციებს ზიანს მოუტანს.

"ეს სასაცილოა, თუმცა ორმაგად სასაცილოა, როცა ამას პრემიერ-მინისტრი ამბობს. რა თქმა უნდა, მათ აქვთ შიდა სამოქმედო გეგმა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ისინი ვერ არჩევენ შიდა სამოქმედო გეგმას იმ ზიანისგან, რაც მათ ქვეყნისთვის მოაქვთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკულ გამოცემასთან საუბრისას.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რამდენადაც იცის, ცარნაევი საქართველოში არ შემოსულა, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ამით სპეკულირებდნენ, რათა შეარყიონ სააკაშვილის რეპუტაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – მის გარეთ.

"ისინი ცდილობენ, ამ ბინძური გზებით გააღვივონ ეჭვები წინა მთავრობაზე, თუმცა არ ფიქრობენ სხვა შედეგებზე, იმდენად უნდათ ჩვენთვის ძირის გამოთხრა, რომ ყველაფერს კადრულობენ. შესაძლოა, ისინი ფიქრობენ, ვაშინგტონში ისეთი გავლენა გვაქვს, რომ ჩვენი გავლენის შესარყევად, ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. მთავარი აქ ისაა, რომ ეს ყველაფერი ქვეყანას აყენებს ზიანს და არა - ინდივიდუალურ პოლიტიკოსებს. გარდა ამისა, ეს არ არის სიმართლე", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ჯოშ როჯინთან ინტერვიუში.

სტატიის თანახმად, ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს წინა მთავრობა მხარს უჭერდა ჩეჩენ ტერორისტებს და არასდროს გაამჟღავნებდა რა მოხდა რეალურად ლოპოტას ხეობაში 12 აგვისტოს. ხეობაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, 11 ჩეჩენი ექსტრემისტი და ქართული სპეცსამსახურის სამი წარმომადგენელი დაიღუპა.

"ვიცით, რომ საქართველო რამდენიმე წლის განმავლობაში იყო სატრანზიტო პუნქტი მებრძოლებისთვის. ჩვენ ამას ბოლოს მოვუღებთ და ეს აღარ განმეორდება", - ციტირებს სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილის "ნიუ იორკ თაიმსთან" გაკეთებულ განცხადებას.

რაც შეეხება 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების საკითხს და ივანიშვილის განცხადებას, რომ ომი ნაწილობრივ სააკაშვილის მიერ იყო გამოწვეული, ამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამით ივანიშვილი აძლიერებს რუსეთის მთავრობის რიტორიკას ომის თაობაზე და იმ ბრალდებაზე, რომ საქართველო მხარს უჭერს ჩეჩენ ტერორისტებს.

"არ ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრი ამას შეგნებულად აკეთებს. ჩემი აზრით, ის მისდევს იმ გამონათქვამებს, რასაც რუსი რადიკალები აცხადებენ. მისი გამონათქვამები ემთხვევა იმას, რასაც რუსი რადიკალები და თავად პუტინი აცხადებენ", - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი Foreign Policy-სთან ინტერვიუში.

ამერიკული გამოცემა ასევე წერს, რომ ივანიშვილის განცხადებებს საქართველოს მიერ ჩეჩენი ტერორისტების მხარდაჭერასა და სპეკულაციებს – ცარნაევისა და ლოპოტას ხეობის ოპერაციის გარშემო, მისივე თანაგუნდელები საჯაროდ უწოდებენ კონტრპროდუქტიულს.

"ვფიქრობ, ისეთ საკითხებზე კომენტარის გაკეთებამდე, რომლებიც სენსიტიურია საგარეო და საშინაო პოლიტიკის თვალსაზირისით, უმჯობესია, გამოძიებასა და უტყუარ სამხილებს დაველოდოთ", - ციტირებს სტატიის ავტორი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებას.

საქართველოს ახალმა მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ სურს გააგრძელოს ევროპასთან და დასავლეთთან ინტეგრაცია, ასევე ნატო-ში გაწევრიანება და გააუმჯობესოს ურთიერთობა აშშ-სთან.

"ჩვენი ხალხი აცნობიერებს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ერთადერთი გზაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროპული დემოკრატიის შენების საშუალებას მისცემს", - ციტირებს სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს. თუმცა, სააკაშვილისთვის, - წერს ჯოშ როჯინი, - საქართველოს ტერორისტებთან კავშირში დადანაშაულება არყევს იმ ნდობასა და ურთიერთობას, რაც ინტეგრაციისთვისაა საჭირო.

"ყველა ჩვენმა მოკავშირემ იცის, რა გავაკეთეთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, მაგრამ ისინი შეწუხებული და შეშფოთებული არიან, რადგან ეს ის ქვეყნები არიან, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ. თუკი ახლა საქართველოს მთავრობა იტყვის, რომ სიმართლე სხვა რამეშია, რბილად რომ ვთქვათ, ეს უცნაურად ჟღერს. მაგრამ, ამავდროულად, ეს არამეგობრული განცხადებაა ჩვენი მოკავშირეებისთვის, რომელთაც ყველაფერი იღონეს, ჩვენი ამ სიტუაციიდან გამოყვანისთვის", - აცხადებს სააკაშვილი ინტერვიუში.

რაც შეეხება მის პირად გასამართლებას, - წერს ჯოშ როჯინი, - სააკაშვილი აცხადებს, რომ დიდად არ აღელვებს ეს საკითხი.

"არა მგონია, ჩემი პერსონალური საკითხი მნიშვნელოვანი იყოს. ამაზე ასჯერ უფრო უარესი ის არის, რომ ძალისხმევას არ იშურებენ მთელი პოლიტიკური ოპოზიციის მოკვეთისთვის", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი ჯოშ როჯინთან საუბრისას.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სააკაშვილი აშშ-ის მოუწოდებს, მეტად ჩაერთოს სირიის კრიზისში.

"რაც უფრო მეტად რადიკალური ხდება სიტუაცია, მით უფრო გართულდება მისი კონტროლი მომავალში. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ თუ აშშ და დასავლეთი მეტად არ ჩაერთვება, სიტუაცია უკონტროლო გახდება და მნიშვნელობა არა აქვს, რა სცენარით განვითარდება. ვფიქრობ, დასავლეთმა რამე უნდა იღონოს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა Foreign Policy-სთან საუბრისას.