გოკა გაბაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყნის ეროვნული ინტერესები

გოკა გაბაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყნის ეროვნული ინტერესები "ფოჩიან კანფეტზე" არ გაცვალოს

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი უმრავლესობას აფრთხილებს, რომ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში ცვლილებების მიღების შემთხვევაში ისინი "ლავროვის ერთიანი არმიის" წევრები გახდებიან .

გაბაშვილმა აღნიშნულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე გააკრიტიკა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყნის ეროვნული ინტერესები მხოლოდ "ფოჩიან კანფეტზე" არ გაცვალოს.

"თქვენ ხართ დაკავებული იმით, რომ საქართველოს უწოდოთ ტერორისტების მფარველი და ამით საკუთარ ქვეყანას შეურყიოთ სახელი და იმიჯი, თქვენ ხართ დაკავებული იმით, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა იყოს თანაბარი რუსეთსა და ევროპასთან. ეს ყველაფერი ცნებების აღრევაა და ამის კვალდაკვალ ამ კანონის ასე გაპარება, არ გამოგივიდათ, არც გამოგივათ. საქართველოს მთავრობა დღეს ერთი-ერთში აფიქსირებს იგივე პოზიციებს, რასაც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან საკითხებზე აფიქსირებს რუსეთის მთავრობა. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება მათი აგრესიის შედეგის აღიარება და ეს ხდება იმით, რომ უპირისპირდებით ევროპას, დასავლეთს, არ იზიარებთ მის აზრებს, მზად ხართ ყველაფერი გაუკეთოთ რუსეთს, მათ შორის ამ კანონის გაუქმება, ეს ხდება იმით, რომ საერთაშორისო მხარდაჭერას არყევთ და სამაგიეროდ, გსურთ ელაქუცოთ მტერს და გაქვთ მონური იმედი, რომ რაღაც ნაბიჯი იქნება ისეთი, რომელიც ყოფით პრობლემებს მაინც მოაგვარებს, მაგრამ თავი რომ დავანებოთ ზნეობას, პრაგმატულადაც ეს მიდგომა არის არასწორი", - განაცხადა გუშინ გოკა გაბაშვილმა.

მისივე განმარტებით, "ოკუპაციის შესახებ კანონში" ცვლილებების დამტკიცება იქნება რუსეთისთვის გაგზავნილი სიგნალი, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა მას ყველაფერი გაუკეთოს.

"აქ არის ლაპარაკი სიგნალზე, რომელიც გინდათ გაუგზავნოთ რუსეთს, რომ თავი გაქვთ წახრილი, რომ ყველაფრისთვის მზად ხართ, ყველა შეკვეთას შეასრულებთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გააკეთებთ იმას, რაც მათ სურთ – ახალი რეალობის აღიარება, რაც მდგომარებს იმაში, რომ ამიერკავკასიაში არა 3, არამედ 5 ქვეყანაა. პირველ ნაბიჯს დგამთ აქეთკენ და ელოდებით საპასუხოდ გადმოგდებულ ფოჩიან კანფეტებს - იქნება ფოჩიანი კანფეტები, კიდევ შემდეგ ნაბიჯებს გადადგამთ, მაგრამ კარგად გახსოვდეთ, რომ ეს მარტო ფოჩებია, შიგნით კანფეტები არ არის და ეს ფოჩები შეგრჩებათ ბოლოს ხელში. ის, რაც რუსეთს უნდა – სამხედრო გამარჯვების გაფორმება, დღეს ხდება თქვენი ხელით, ღილაკებზე თითის მიჭერით. იცოდეთ, რომ როცა ამ კანონს ხმას მისცემთ, იქნებით ერთიანი ლავროვის არმია", - მიმართა გაბაშვილმა უმრავლესობის წევრებს.