სასწრაფო დახმარების მონიტორინგის სამსახურის ათეულობით თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

სასწრაფო დახმარების მონიტორინგის სამსახურის ათეულობით თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის მონიტორინგის სამსახურის ათეულობით თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა, ეკა ალიხანაშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, გუშინ, 1-ელ მაისს, 15:00 საათისთვის უთხრეს, რომ 18:00 საათზე ტესტირება უნდა გაევლოთ. "30 აპრილს გაგვაცნეს ბრძანება, რომ მიმდინარეობდა რეორგანიზაცია. 1-ელ მაისს კი, 15.00 საათისთვის გვითხრეს, 18.00 საათზე ტესტური გამოცდა გვაქვს ჩანიშნულიო. წინასწარ არაფერი ვიცოდით, რაც კანონდარღვევაა. 49 თანამშრომლიდან ტესტირება წარმარტებით ჩააბარა მხოლოდ 13-მა, თუმცა, დანარჩენებიც მხოლოდ უნარ-ჩვევებში ჩაიჭრნენ. ჩვენ მოუმზადებელნი ვიყავით, რადგან ტესტირების შესახებ წინასწარ არ გაგვაფრთხილეს. დღეს კი გამოგვიცხადეს, რომ ყველანი, ვინც გამოცდა ვერ ჩააბარა, სამსახურიდან გაგვათავისუფლეს", - აღნიშნა ეკა ალიხანაშვილმა.

მონიტორინგის სამსახურის უკვე ყოფილი თანამშრომლის ინფორმაციით, გათავისუფლებულებს მუშაობის 10-წელზე ნაკლები სტაჟი არ აქვთ. "რამდენიმე თვის წინ სამსახურის ხელმძღვანელობამ, როგორც თავად თქვეს, კადრების დეფიციტის გამო, სამთვიანი ხელშეკრულებებით რამდენიმე გოგონა აიყვანეს და ხაზი მინდა გავუსვა, რომ არც ერთს სამედიცინო განათლება არ აქვს. მე, რომელსაც მუშაობის 24-წლიანი სტაჟი მაქვს, დღეს გამათავისუფლეს, ისინი კი დატოვეს. ჩემს მდგომარეობაში არიან სხვებიც – არც ერთ მათგანს მუშაობის 10 წელზე ნაკლები სტაჟი არ აქვს", - აღნიშნა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა.

გარდა ამისა, ალიხანაშვილის თქმით, ისინი ადვოკატის აყვანას და სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ. ასევე, არ გამორიცხავენ, რომ დაგეგმონ საპროტესტო აქციებიც.