ქეთევან ციხელაშვილი:

ქეთევან ციხელაშვილი: "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს" არავინ აუქმებს

"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს" არავინ აუქმებს და რუსეთს, ან ლავროვს რა უნდა, ეს არის სხვა საკითხი, - ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტში "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში" ცვლილებების განხილვისას განაცხადა. 

მისი თქმით, მითია საპარლამენტო უმცირესობის წევრების განცხადება, რომ ამ კანონში ცვლილება რუსეთთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვის იმ განცხადებასთან კავშირშია, რომლის მიხედვითაც, ეს კანონი უნდა გაუქმდეს.

"ლავროვს რა უნდა, რუსეთს რა უნდა, ეს არის სხვა საკითხი. ამ კანონს არავინ აუქმებს, ეს კანონი არის და იქნება ვიდრე იქნება ოკუპაცია. კანონი, შესაბამისად, დაარეგულირებს სხვადასხვა ტიპის ურთიერთობებს ამ ტერიტორიებზე", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის წევრების დაინტერესებას, თუ რომელმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოიწონა ეს ცვლილებები, ციხელაშვილის განცხადებით, მას შეუძლია უამრავი ანგარიში ჩამოთვალოს.
"მე შემიძლია ჩამოგითვალოთ ათეულობით ანგარიში და რეკომენდაცია ჩვენი ევროპელი პარტნიორების, მათ შორის, მათი, რომლებიც თქვენ ხშირად მოგყავთ: ვენეციის კომისია, ევროპის საბჭო და სხვა", - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე განმარტებით, ეს ცვლილებები გამყარებულია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით.  "ამიტომ გვგონია, რომ ეს წაადგება ქვეყნის იმიჯს და სამშვიდო მიზნებს", -აღნიშნა ციხელაშვილმა.