კახა კალაძე დავით კირვალიძის თანამდებობაზე დაბრუნებას არ გამორიცხავს

კახა კალაძე დავით კირვალიძის თანამდებობაზე დაბრუნებას არ გამორიცხავს

თუ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლები გამართლდებიან, დავით კირვალიძე თანამდებობას დაუბრუნდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, კახა კალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დავით კირვალიძემ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა.

კახა კალაძე აცხადებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება, ამ ეტაპზე დასკვნების და შეფასებების გაკეთება რთულია, ამიტომ ყველა უნდა დაელოდოს გამოძიებას და ამის შემდეგ გაირკვევა ვინ არის სინამდვილეში დამნაშავე.

"ბატონი დავითის გადაწყვეტილებას რაც შეეხება, სანამ გამოძიება არ დასრულდება, მან მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. თუ ის ადამიანები გამართლდებიან, ბატონი დავითი დაუბრუნდება თანამდებობას", - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ შეკითხვები, როგორც ირკვევა, არსებობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დაკავშირებით და, აქედან გამომდინარე, დაკავებულია რამდენიმე პირი.