მაია ფანჯიკიძე:    სოფლის მეურნეობის სამინიტრო იყო პრემიერის წუხილი და კითხვების მიზეზი

მაია ფანჯიკიძე: სოფლის მეურნეობის სამინიტრო იყო პრემიერის წუხილი და კითხვების მიზეზი

სოფლის მეურნეობის სამინიტრო იყო პრემიერ-მინისტრის წუხილი და კითხვების მიზეზი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა. 

რაც შეეხება, სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებას, ფანჯიკიძის განცხადებით, დავით კირვალიძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო იმაზე, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხდება.

"თუმცა კონკრეტულად რაშია საქმე, ამაზე ჯერჯერობით, საუბარი ნაადრევია, რადგან გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავით კირვალიძე არაფერში გარეული არ იქნება, იგი დაელოდება გამოძიების შედეგებს და ალბათ, დასკვნები ამის შემდეგ იქნება გამოტანილი, როცა გამოძიება დამთავრდება", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, ისურვებდა, გამოძიებამ აჩვენოს, რომ ეს არის გაუგებრობა და ამის უკან არაფერი სერიოზული არ დგას.

როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის მინისტრის ახალი კანდიდატურა არ განიხილება და მოვალეობას, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მოადგილე შეასრულებს.

"იმედი მაქვს გამოძიება დაადგენს, რომ დავით კირვალიძე არაფერში დამნაშავე არ არის და იგი შეძლებს მინისტრთა კაბინეტში დაბრუნებას", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.