დავით სერგეენკო სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას სამწუხარო ფაქტს უწოდებს

დავით სერგეენკო სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას სამწუხარო ფაქტს უწოდებს

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას სამწუხარო ფაქტს უწოდებს.  

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, გამოძიების დასრულებამდე ცალკეული პირების ბრალეულობაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. მინისტრს იმაზე საუბარიც უჭირს, მოახდენს თუ არა სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე პროცესები გავლენას საკადრო ცვლილებებზე მთავრობაში.

"რაც მოხდა ძალიან სამწუხაროა. ამ ფაქტებს კომპეტენტური ორგანოები დეტალურად შეისწავლიან და გამოძიების დასრულებამდე ვინმეს ბრალეულობაზე დასკვნებს ვერ გავაკეთებ. რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო ფაქტია, თუმცა რა გავლენას იქონიებს ეს საკადრო ცვლილებებზე ვერ გეტყვით", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა ამ წუთებში უკვე მიმდინარეობს. სხდომას სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძეც ესწრება. მისთვის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში გათვალისწინებულია ერთი საკითხი, კერძოდ დავით კირვალიძე წარადგენს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვითი საშუალებით განხორციელების თაობაზე. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში 25 საკითხია შეტანილი, მათ შორის ერთი საიდუმლო