სამართალდამცავებმა

სამართალდამცავებმა "ტექ-აგრო-სერვისის" წარმომადგენელი გივი ქაიხოსროშვილი დააკავეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების დაკავების საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა წუხელ კიდევ ერთი პირი დააკავეს.

დაკავებულია "ტექ-აგრო-სერვისის" წარმომადგენელი გივი ქაიხოსროშვილი, რომელსაც ექსპერტზე ზეწოლა ედება ბრალად, რათა მას ყალბი დასკვნა გაეცა.

დაკავებული წუხელვე მისმა ადვოკატმა კახა ხვისტანმა მოინახულა, რომლის განცხადებითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

"გივი ქაიხოსროშვილი დაკავებულია ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც ითვალისწინებს ექსპერტის დაყოლიებას ყალბი დასკვნის გაცემის მიზნით, თუმცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და როცა ვთხოვე, აღედგინა სურათი, ხომ არ იყო მისი მხრიდან რაიმე მუქარა, უკანონო დაპირება, რომ ექსერტებს ყალბი დასკვნა გაეცათ, მითხრა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა", - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხებათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს, ისინიც მოდულის შენობაში წუხელ მათმა ადვოკატებმა მოინახულეს.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველოს უფროსი ომარ თედორაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მექანიზაციის ინსტიტუტის დირექტორი ზაზა მახარობლიძე, შპს "მექანიზატორის" დირექტორი ვაჟა ნახუცრიშვილი და მისი მოადგილეები - მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე და აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი ოთარ ქარჩავა დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა გუშინ საღამოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული პირები განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლისთვის დააკავეს.
მათ ბრალს დაკავებიდან 48 საათში წაუყენებენ.