კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას თინა ხიდაშელი უხელმძღვანელებს

კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას თინა ხიდაშელი უხელმძღვანელებს

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას დეპუტატი თინა ხიდაშელი უხელმძღვანელებს .

კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტს პარლამენტი ცოტა ხანში დაამტკიცებს. მომზადებული დოკუმენტის თანახმად კი კომისიას უხელმძღვანელებს თინა ხიდაშელი, ხოლო მის შემადგენლობაში იმუშავებენ: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი კარბელაშვილი, პაატა ლეჟავა, ანი მიროტაძე, გურამ მისაბიშვილი, გელა სამხარაული, ერეკლე ტრიპოლსკი, ზურაბ ტყემალაძე, რევაზ შავლოხაშვილი, სერგო ხაბულიანი, ზურაბ ჩილინგარაშვილი. კომისია სამი თვის ვადით შეიქმნა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის 21 თებერვლის სხდომას უკავშირდება, სადაც შპს-ების "ახალი ქსელების", "ახტელის" და "სისტემ ნეტის" გენერალური დირექტორების განცხადება განიხილეს, რომელიც ეროვნული კომისიის წევრების მხრიდან რიგ დარღვევებს ეხებოდა. კომიტეტის შეფასებით, საკითხის განხილვისას გამოიკვეთა სამართლებრივი დარღვევები მარეგულირებელი კომისიის მხრიდან. კერძოდ კი, ადგილი აქვს კომისიის წევრების მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. ასევე, დოკუმენტების გაყალბებას, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას, გადაწყვეტილებების მიღებისას ადმინისტრაციული წარმოების წესების დარღვევას. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრების მხრიდან ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევებზეც საუბრობს.