საია არ გამორიცხავს, რომ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა

საია არ გამორიცხავს, რომ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" არ გამორიცხავს, რომ ახალგაზრდული აქციის მონაწილეთა მიმართ პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას .
საია სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტს გუშინ განცხადებით გამოეხმაურა.

"ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაცია აჩენს ეჭვებს, რომ ცალკეულ შემთხვევებში პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოქვეყნებული მასალიდან შესაძლოა იკვეთებოდეს ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, რაც შესაბამისი სამართალდამცავი პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. საია მოუწოდებს პასუხისმგებელ ორგანოებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით და მოახდინონ ჯეროვანი რეაგირება", - ნათქვამია განცხადებაში.

საია მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განმარტება არ იძლევა საქმის დეტალურად შეფასების საშუალებას. საია აღნიშნული ფაქტების შესწავლას აგრძელებს, ამასთან, გამოთქვამს მზადყოფნას, შესაბამისი სამართლებრივი დახმარება გაუწიოს აქციის დროს დაზარალებულ პირებს.

"საია იმედს იტოვებს, რომ მოცემული საქმეების სასამართლო წესით განხილვის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებები არ დაეყრდნობა მხოლოდ პოლიციელების ახსნა-განმარტებებს და სრულყოფილად იქნება გამოკვლეული ყველა მტკიცებულება",-ნათქვამია განცხადებაში.