"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტი სესიაზე გადის

"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, კომიტეტებში ხმაურიანი განხილვების შემდეგ, პირველი მოსმენით სასესიო განხილვაზე გადის .
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების დარღვევისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ლიბერალიზებას გულისხმობს, დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგში ჩაიდო.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონით დადგენილ წესს დაარღვევს, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება. შესაბამისად, პირის მიერ პირველ ჯერზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი სანქციის ნაცვლად, ადმინისტრაციული წესით განისაზღვრება. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისათვის კი იმ შემთხვევაში დადგება, თუ ასეთი ქმედება პირმა ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგაც ჩაიდინა. ასეთ შემთხვევაში კანონის განმეორებით დამრღვევი ან სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე დაჯარიმდება ან შეეფარდება ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.

გარდა ამისა, განისაზღვრება, რომ კანონით აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის სპეციალურ თანხმობას საქართველოს მთავრობა გასცემს. ასეთი თანხმობა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება გაცემულ იქნეს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლამდე, ისე შესვლის შემდეგ. კანონპროექტით, აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისთვის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება პირი, რომელიც საქართველოს მთავრობის სპეციალური თანხმობის გარეშე შევიდა/შევა აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცა საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შემდეგ საქართველოს მთავრობის სპეციალურ თანხმობას მიიღებს.

მთავრობის ეს საკანონმდებლო ინიციატივა სერიოზული დებატების საგანს წარმოადგენს მმართველ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის. კანონპროექტს აკრიტიკებს პრეზიდენტიც.