2013 წლის მოწვევის ახალგაზრდული პარლამენტი ხვალ პირველ სხდომას გამართავს

2013 წლის მოწვევის ახალგაზრდული პარლამენტი ხვალ პირველ სხდომას გამართავს

საქართველოს პარლამენტის შენობაში ხვალ 2013 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ახალგაზრდული პარლამენტიდან აცნობეს, ახალგაზრდა პარლამენტარებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და პარლამენტის სხვა წევრები, როგორც უმრავლესობიდან, ასევე უმცირესობიდან უმასპინძლებენ. ახალგაზრდული პარლამენტის სხდომას დიპლომატიური კორპუსის, გაეროსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი. 

2013 წლის მოწვევის 100 ახალგაზრდა დეპუტატი მაღალი კონკურენციის პირობებში კონკურსის საფუძველზე მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩა. პარლამენტარებმა უკვე გაიარეს გადამზადების კურსი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში "საკანონმდებლო ტექნიკაზე". შერჩეული ახალგაზრდები ერთი წლის მანძილზე იმუშავებენ საკანონმდებლო წინადადებებზე, გამართავენ შეხვედრებს რეგიონებში და მოახდენენ იქ არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას.