სახალხო დამცველი გამოთქვამს სურვილს, მაქსიმალურად იქნეს დაცული მოქალაქეთა შრომითი უფლებები

სახალხო დამცველი გამოთქვამს სურვილს, მაქსიმალურად იქნეს დაცული მოქალაქეთა შრომითი უფლებები

საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება მშრომელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას და გამოთქვამს სურვილს, საქართველოში მაქსიმალურად იქნეს დაცული მოქალაქეთა შრომითი უფლებები. ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ უნდა შეძლოს ღირსეული დასაქმების მაქსიმალურად მაღალი დონის მიღწევა, უზრუნველყოფილი იქნეს შრომის სამართლიანი პირობები, შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო, შრომის სამართლიანი ანაზღაურების უფლება, ბავშვებისა და ქალთა შრომითი უფლებები, პროფესიული გადამზადების უფლება და სხვა.

"შრომის უფლება გარანტირებულია საქართველოს უზენაესი კანონით - კონსტიტუციით, საერთაშორისო ნორმებითა და მთელი რიგი ნორმატიული აქტებით, რომლებიც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები.

საქართველოში მოქმედი ლიბერალური შრომის კოდექსი წლების მანძილზე იძლეოდა ადამიანის ფუნდამენტური უფლების - შრომის უფლების შელახვის შესაძლებლობას, ანიჭებდა რა აბსოლუტურ უფლებებს დამსაქმებლებს, მაშინ როცა დასაქმებულებს ვალდებულებებს აკისრებდა და ამით ზღუდავდა სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპს - მხარეთა თანასწორუფლებიანობას. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი რეკომენდაცია მკაფიოდ მიუთითებდა საქართველოში მოქმედი შრომის კანონმდებლობის ნაკლოვანებებზე და შესაბამისად მოუწოდებდა მთავრობას მიეღო ადეკვატური ზომები არსებული ვითარების გამოსწორებისა და შრომის უფლებების დაცვის მინიმალური სტანდარტების შემოღების მიზნით. წინა წლები ასევე ხასიათდებოდა გაერთიანების თავისუფლების უპრეცენდენტო შეზღუდვებით, გაფიცვის უფლების ხელყოფითა და პროფკავშირული კუთვნილების გამო დასაქმებულების სამსახურიდან დათხოვნების უარყოფითი ტენდენციებით.

ამდენად, მისასალმებელია და უდავოდ წინაგადადგმული ნაბიჯია საქართველოს მთავრობის ინიციატივა შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, რომელიც ერთი მხრივ საშუალებას იძლევა დაცული იქნეს ადამიანის შრომითი უფლებების ძირითადი ასპექტები, ხოლო მეორე მხრივ გვაახლოებს ცივილიზებულ ქვეყნებში მოქმედ შრომის სტანდარტებთან, რაც დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა",-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.