მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს გააცნობიეროს,

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს გააცნობიეროს, "რა შარში ხვევს ქვეყანას"

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩრდილოკავკასიელი ტერორისტების მომზადების შესაძლებლობის თაობაზე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებით შეშფოთებულია. 

სააკაშვილი პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს გააცნობიეროს, "რა შარში ხვევს ქვეყანას".

როგორც აშშ-ში ვიზიტით მყოფმა სააკაშვილმა ივანიშვილის მიერ გადაცემა "პოზიციაში" გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, საქართველო შესაძლოა, ოკუპაციის წინაშე სრულიად უიარაღო და დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე აღმოჩნდეს.

"არ შემიძლია არ გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც მან გამოთქვა ვარაუდი, რომ საქართველო ამზადებდა ჩრდილოკავკასიელ ტერორისტებს სხვადასხვა ოპერაციების განსახორციელებლად. ეს ზუსტად ჯდება იმ პროპაგანდაში, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში რუსები ეწეოდნენ ჩვენი დასუსტების და საქართველოს ხელში ჩაგდების მიზნით. იცით, რომ ბოსტონის ტერაქტის შემდეგ, რომელშიც ორი ჩეჩენი იყო გარეული, ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანი გახდა, ამ პირობებში კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება აბსოლუტურად მიუღებელია. არ ვიცი საერთოდ თუ აცნობიერებს ის, რომ შარში ხვევს ჩვენს ქვეყანას და არა მე. დარწმუნებული ვარ, ამერიკაში ამას არავინ სერიოზულად არ მიიღებს, მაგრამ აქაც სხვადასხვა ძალები მუშაობენ. თუ ვინმეს უნდა, რომ იპოვოს ყველაზე მოკლე გზა იმისთვის, რომ საქართველოს დასავლეთის მხარდაჭერა დააკარგინოს და სრულიად უიარაღოდ დატოვოს ოკუპაციის წინაშე, მაშინ მას ასეთ რაღაცებში დასავლეთის დარწმუნება მოუწევს. სანამ მე ამ თანამდებობაზე ვარ, პრემიერ-მინისტრი ამას, ალბათ, ვერ მოახრეხებს, მაგრამ არ შეიძლება ამ თემებით თამაში. ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეს ან არ ესმის, ან არ სურს რომ გაიგოს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აღნიშნულის კონტექსტში, პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს მიმართა და მოუწოდა, რადგან საკითხი საქართველოს ყოფნა-არყოფნას ეხება "ასეთ უკიდურესად საშიშ განცხადებებს" ღიად გაემიჯნონ.

"მე მინდა ვუთხრა ივანიშვილის მთავრობის წევრებს და იქ არის ხალხი, რომელსაც ეს არ შეიძლება არ ესმოდეს - თქვენ მაინც ამოიღეთ ხმა, მიუთითეთ პრემიერ-მინისტრს და თუ არ გიჯერებთ, ეს საჯაროდ თქვით. საქმე ეხება საქართველოს ყოფნა-არყოფნის და მომავლის საკითხს. ჩვენ გვმართებს სრული დისტანცირება და გამიჯვნა ასეთი უკიდურესად საშიში განცხადებებისგან", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის თქმით, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ საქართველო არასდროს მონაწილეობდა ტერორისტების მომზადებაში.
"ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველო ყოფილიყო უსაფრთხო, პასუხისმგებლიანი წევრი საერთაშორისო თანამეგობრობის", - დასძინა სააკაშვილმა, რომლის შეფასებითაც, პრემიერის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებების უმეტესობა "სიმართლის მარცვალსაც კი არ შეიცავდა".

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ტერორისტები მომზადებას მართლაც გადიოდნენ და სახალხო დამცველის ანგარიშში ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ამ კუთხით გამოთქმული მოსაზრება სიმართლეს შეესაბამება.

"შესაძლოა თუ არა საქართველოში გამოძიება იმ დასკვნამდე მივიდეს, რომ საქართველოში ტერორისტების მიერ გარკვეული მომზადება დადასტურდეს? – აღნიშნულ შეკითხვაზე ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "პოზიციაში" გუშინ აღნიშნა, რომ "ეს შესაძლებელია".

"ომბუდსმენის გამონათქვამები შემიძლია მივიღო ძალიან რეალურად, მაგრამ არა დასტურად. დაველოდოთ გამოძიებას. მე ძალიან დიდი ეჭვები მაქვს, რომ ეს ხდებოდა რეალურად, თუმცა, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და დაველოდოთ, შეიძლება ბევრი შოკისმომგვრელი ინფორმაციაც გავიგოთ", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.