ბიომეტრული წესით ამომრჩეველთა აღრიცხვა კვლავ დღის წესრიგში დგება

ბიომეტრული წესით ამომრჩეველთა აღრიცხვა კვლავ დღის წესრიგში დგება

ამომრჩეველთა ბიომეტრული წესით აღრიცხვა კვლავ პოლიტიკურ დღის წესრიგში დგება. აღნიშნულ საკითხზე საარჩევნო თემაზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში შეთანხმება მიღწეულია და ერთ-ერთი პირველი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კანონში ინტერფრაქციული ჯგუფის ეგიდით გახორციელდება, სწორედ ამომრჩეველთა სიის ახლებური რეგისტრაცია იქნება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯგუფის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, ამომრჩეველთა ბიომეტრული აღრიცხვის წესის შემოღებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია, თუმცა, მისივე თქმით, დასაზუსტებელია რიგი ტექნიკური საკითხები, რის შემდეგაც პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება მოხდება.

"საუბარია იმაზე, რომ როცა ფოტოსურათს გადაიღებ, ზოგი მას ბიომეტრულ ფოტოს ეძახის, ზოგი - ციფრულს. ამ ფოტოსურათის მეშვეობით დადგინდება ბევრი პარამეტრი - თვალების ცენტრებს შორის მანძილი, თავის სიმაღლე, ყვრიმალების სიგანე და ასე შემდეგ. ეს უზრუნველყოფს, რომ ერთი და იგივე ადამიანი, თუნდაც განსხვავებული სახელითა და გვარით ან განსხვავებული მისამართით, საარჩევნო სიაში ორჯერ ვერ დარეგისტრირდება და მოხდება ამოცნობა, რომ ის უკვე სიაშია. ამით ჩვენ ამომრჩევლეთა სუფთა სიას მივიღებთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ვახტანგ ხმალაძემ.

დეპუტატის თქმით, ინტერფრაქციული ჯგუფის ფარლებში ამომრჩეველთა ბიომეტრული რეგისტრაციის შემოღების წინააღმდეგ არავინ წასულა, თუმცა ითქვა, რომ "სია ისედაც კარგია და ამის გაკეთება საჭირო არ არის". აღნიშნულ მოსაზრებას თავად ხმალაძე არ იზაირებს და აცხადებს, რომ "სიის სანდოობაში ეჭვი ეპარება".

კითხვაზე, ჩატარდება თუ არა უახლოესი საპრეზიდენტო არჩევნები ამომრჩეველთა ბიომეტრული აღრიცხვის წესით, ხმალაძემ განმარტა, რომ ეს დამოუკიდებულია პასუხზე, რომელსაც შესაბამისი კომპანიებისგან ელოდებიან და, რომელიც ეხება ტექნიკურ საკითხებს, ვადებსა და პროექტთან დაკავშირებულ ღირებულებას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში განხილვის საგანია, პოლიტიკურ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემატიკაა. ხმალაძის ცნობით, დღის წესრიგში დგას იმ ცვლილებების გაუქმება, რომელიც 2011 წლის დეკემბერში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ჩაიდო. პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის ინიცირებაც ახლო მომავალში იგეგმება.

ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და სიების დაზუსტების საქმეში ბიომეტრული მონაცემების შემოტანა ორი წლის წინ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მაშინდელ სახელისუფლო პარტიას - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ეს წინადადება ოპონენტებმა ე.წ. "რვიანის" ფორმატში შესთავაზეს, თუმცა მაშინ პრეზიდენტის გუნდმა ინიციატივა დაიწუნა.