გიორგი მარგველაშვილი:  26 მაისს სამხედროები არ ჩაივლიან, აღლუმი არ იქნება

გიორგი მარგველაშვილი: 26 მაისს სამხედროები არ ჩაივლიან, აღლუმი არ იქნება

26 მაისს სამხედრო აღლუმი არ იქნება, თუმცა ძალიან ლამაზი სამხედრო კომპონენტები იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ 26 მაისის ღონისძიებებისადმი მიძღვნილი კომისიის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მაგველაშვილმა განაცხადა. 

"ძირითადად, სამხედრო ელემენტი წარმოდგენილი იქნება დათვალიერების სახით, ჩვენი სამხედროები, ის ხალხი, ვინც ჩვენ გვიცავს და ქმნის ქართულ სახელმწიფოებრიობის მდგრადობას, ეს ხალხი იქნება ჩვენთან ერთად, ისინი იქნებიან ხალხში. სამხედროები არ ჩაივლიან, აღლუმი არ იქნება, თუმცა იქნება ძალიან ლამაზი სამხედრო კომპონენტები, განსაკუთრებით ავიაცია", - განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ბუნებრივია სამხედრო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება დღევანდელი შეხვედრის დეტალებს, მარგველაშვილის განცხადებით, ამ დღეს გასამართ ღონისძიებებზე მოხდა შეთანხმება. მინისტრის განცხადებით, ეს აუცილებლად იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელებული ღონისძიებები.

"ეს ღონისძიებები აღარ გაიმართება მარტო თბილისში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, რა ფორმით მიიღებს მონაწილებას 26 მაისის ღონისძიებებში საქართველოს პრეზიდენტი, ამასთან დაკავშირებით მარგველაშვილმა განაცხადა, რომ "საბედნიეროდ, საქართველოს პრეზიდენტის განმკარგავი მე არ ვარ".

"ის ჩემი პრეზიდენტია და მე რა უნდა განვსაზღვრო რა უნდა გააკეთოს?", - განაცხადა მარგველაშვილმა.