სასჯელაღსრულების სამინისტრო ქუთაისში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს

სასჯელაღსრულების სამინისტრო ქუთაისში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს

სასჯელაღსრულების სამინისტრო ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს. 

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის # 2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გარდაიცვალა 1976 წელს დაბადებული მსჯავრდებული ხ.დ. ხ.დ სასჯელს იხდიდა სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით.

სამინისტროს ცნობით, მსჯავრდებული ჩართული იყო "მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის მკურნალობის" პროგრამაში.

"2013 წლის 14 აპრილს 22:00 საათზე მსჯავრდებულმა თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შემდეგაც სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი ქუთაისის საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე წუთში გარდაიცვალა", - აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ცნობით, გარდაცვლილს ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, გამოძიება ელოდება ჰისტოლოგიური გამოკვლევის შედეგებს, რის შემდეგაც დადგინდება გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

ამასთან, მომხდარ ფაქტს იძიებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი.

გავრცელებული ინფორმაციით, პატიმარი ქუთაისის ციხეში ნარკოტიკის ზედმეტი დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით პორტალი newpress.ge ავრცელებს, რომლის ცნობით, გარდაცვლილი პატიმარი ციხის ე.წ. მაყურებელი იყო. პორტალის ცნობითვე, ქუთაისის #2 ციხეში ნარკოტიკული საშუალებები თავისუფლად შედის, რასაც ე.წ. მაყურებლები მოიხმარენ.