პატიმართა წამების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

პატიმართა წამების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ პატიმრების მიმართ განხორციელებული ცემა-წამების ბრალდებით, რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი ინსპექტორები დააკავა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, თემურ ყორშიას და გიორგი ჯღარკავას ბრალად პატიმრების ცემა-წამება და დამცირება ედებათ.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებულთა დათრგუნვისა და დემორალიზების მიზნით, თემურ ყორშიას და გიორგი ჯღარკავას მიერ, ამავე დაწესებულების ყოფილი თანამშრომლების, დავით მუმლაძის, ვაჟა ცხვედიანისა და იონა ლუტიძის ხელმძღვანელობით ხდებოდა პატიმართა ე.წ კორიდორში გატარება. პატიმრებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აშიშვლებდნენ, აკეთებინებდნენ ბუქნებს, აყენებდნენ მუხლებზე, ამცირებდნენ და აიძულებდნენ ერბინათ დაწესებულების ტერიტორიაზე.

ყორშიასა და ჯღარკავას ბრალი სსკ-ს 144-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ბ", "დ", "ე" და "ზ" ქვეპუნქტებით წარედგინათ. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე რუსთავის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.